
ხაბეიშვილი: დუმბაძის სახელობის სკვერს ფიზიკურად დავიცავთ
04/09/2023 12:14:13 პოლიტიკა, რეგიონები
გურიაში გუშინ განვიტარებული ძალადობრივი მოვლენების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.
„რუსულმა ოცნებამ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტეს, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი წაართვან ადგილობრივებს. გუშინ ყველამ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ მხოლოდ ეს ენა ესმით. „ჩმორი“ ხალხი, რომელიც მიუვარდა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ქალბატონებს, აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ამ სკვერს აუცილებლად დავიცავთ. თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც დავიცავთ, ყველამ კარგად იცოდეს. ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ყველა მოქალაქის ინტერესს დავიცავ ყველგან. ასე ერთ გუნდად, ერთ მუშტად მოვალთ და დაგიცავთ“, – განაცხადა ჩოხატაურში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა.
ჩოხატაურში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებზე განხორციელებული თავდასხმისთვის 4 ადამიანი ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
იუწყებიან, რომ დაკავებულებს შორისაა ლაშა გიორგაძე, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის გარემოცვის წევრად სახელდება. ის გამოირჩეოდა თავდასხმის დროს აქტიურობით.
ინციდენტი ჩოხატაურში 3 სექტემბერს მოხდა, როდესაც ენმ–ის წევრები ნოდარ დუმბაძის სკვერის გაყიდვას აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლებს 15-მდე ადამიანი აქციის დაწყებამდე დაესხა თავს.
პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს ორგანიზებული თავდასხმა და მასში მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ახლო გარემოცვა მონაწილეობდა. ოპოზიციამ ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.