
"არ ვიცოდით" – პოლიცია ზუგდიდში "ნაცმოძრაობის" ოფისთან 1 საათის შემდეგ მივიდა
03/12/2019 14:58:35 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, რეგიონები
პოლიცია ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან 1 საათის შემდეგ მივიდა. როგორც პოლიციის წარმომადგენელი აცხადებს, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარების შესახებ და როცა შეტყობინება შევიდა მხოლოდ ამის შემდეგ მოახდინეს რეაგირება.
"არ ვიცოდით. როგორც კი გვითხრეს, რომ მხარეები იყვნენ მოსულები, მაშინვე მოვედით", – განაცხადა პოლიციის წარმოადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო აქცია გამართეს. დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნაა, "აიკრძალოს "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყანაში". დემონსტრანტები სკანდირებენ: "ძირს "ნაციონალები"!, ძირს მკვლელები! გაუმარჯოს "ოცნებას"! აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისს კვერცხები, ცოცხები და ყავარჯნები დაუშინეს და შენობაში მყოფი ხალხი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიეს. ჩამსხვრეულია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მინები.