ფრიდი: მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ანგარებიანი სისულელეა
05/09/2023 07:34:20 პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, „ატლანტიკური საბჭოს“ ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ანალიტიკოსი დენიელ ფრიდის განცხადებით, აშშ–სა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს. ამის შესახებ მან "საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ" ე.წ. დასავლურ შეთქმულების თემის კომენტირებისას ისაუბრა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც მიწვევის მიუხედავად მმართველი გუნდის წევრები არ ესწრებიან.
"მშვენივრად გვესმის, რომ საქართველოს არ სურს, უკრაინის იარაღის მთავარი მიმწოდებელი გახდეს. ყველას ესმის ეს. ასე, რომ მოსაზრება, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, სრული და ანგარებიანი სისულელეა. უბრალოდ, არასწორია“, - თქვა ფრიდმა და დასძინა, რომ საქართველოში დემოკრატიისა და ინსტიტუტების გაძლიერება, ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს.
მან ისაუბრა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომზეც და სისულელეა უწოდა მოსაზრებას, თითქოს ომის პროვოცირება საქართველომ მოახდინა.
მისი თქმით, უკრაინის ომი ცხადყოფს, რომ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს სურს იმპერიის აღორძიება და ამისთვის ძალას იყენებს:
„უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის ფონზე, საბოლოოდ შეგვიძლია, უარვყოთ ის სისულელე, რომ საქართველომ მოახდინა ომის პროვოცირება. პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში აპირებდა საქართველოზე თავდასხმას. დიახ, საქართველოს ხელისუფლებასთან მქონდა საუბარი, მოვუწოდე, არ გაეგზავნათ ჯარი, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ეს, რუსეთი მაინც დაესხმებოდა თავს".


