ბოკუჩავას თქმით, შოვის სტიქიის ირგვლივ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბრამდე გადაიდება
05/09/2023 08:15:24 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, შოვის მოვლენებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა ოქტომბერში გადაიდება.
ბოკუჩავას თქმით, რჩება შთაბეჭდილება, რომ "პარტია საქართველოსთვის" დამატებით დროს ითხოვს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს.
მისი განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება გადაიწევა და გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას დაელოდებიან.
"ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად", - ამბობს ბოკუჩავა.
მისი თქმით, მანამდე ექსპერტებს შეხვდებიან და პარლამენტში, ინტერპელაციის პროცედურაზე ვახტანგ გომელაურსა და ირაკლი ღარიბავილს მოუსმენენ.
ამასთან, ბოკუჩავა ამბობს, რომ პარტია შოვში ჩასვლასაც გეგმავს და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს,მათ შეუერთდნენ.
ნაციონალური მოძრაობა შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. როგორც თინა ბოკუჩავამ 9 აგვისტოს განაცხადა, დღის წესრიგში დგას ორი საკითხი: იყო თუ არა შესაძლებელი ტრაგედიის თავიდან აცილება ადრეული სისტემის არსებობის შემთხვევაში და იყო თუ არა დროული და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს სტრუქტურების მხრიდან.
3 აგვისტოს კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიას ემსხვერპლა 31 ადამიანი, 2 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.


