ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, საჭიროებებს სწორად შეაფასებს
05/09/2023 10:09:53 პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი იმედს იტოვებს, რომ ევროკავშირი "საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის".
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გასული ერთი წლის განმავლობაში "მაქსიმალური ძალისხმევა გაიწია, რათა რეკომენდაციების შესრულებისას საკანონმდებლო პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად ინკლუზიური, შედეგიანი და ზოგადად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაგვედგა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების კუთხით".
მისი მტკიცებით, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და მოელიან, რომ "შეფასებებიც იქნება ობიექტური და სამართლიანი“:
„ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მტკიცე გამოხატვაა და ასევე კარგი შესაძლებლობა უმაღლეს დონეზე გვქონდეს დიალოგი ევროკავშირთან ამ მნიშვნელოვან მომენტში. დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება იქნება ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური გადაწყვეტილება და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას და საჭიროებებს სწორად შეაფასებს და აღარ დატოვებს სივრცეს სპეკულაციებისთვის არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და ქვეყანას დამსახურებულად მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. ცხადია, საქართველოს პროგრესის სრული უგულებელყოფა შეუძლებელია“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ევროკავშირის ვიცე–პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში მიმდინარე კვირაში ელიან.


