
ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
04/12/2019 05:49:21 სხვა, სამართალი
ჯანდარის ტბაზე დაკარგული ორი მოქალაქის საძიებო სამუშაოები მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სპეციალური ტექნიკის საშუალებით აწარმოებს ტბის ფსკერის წყალქვეშა მონიტორინგის სამუშაოებს.
ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80 პროცენტი. პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამაშველო სამსახური. აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმებით, იგეგმება ქართველი მაშველების მათ ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
უწყების ცნობით, ორი ქვეყნის სამაშველო სამსახურები ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით განაგრძობენ კოორდინირებულ მუშაობას დაკარგული მოქალაქეების საპოვნელად. საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
„საძიებო სამუშაოები, რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ცუდი ხილვადობის მიუხედავად, ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.