
მედია: ესპანეთში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს
05/09/2023 12:35:20 სამართალი
ესპანეთის პოლიციამ ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავა, – იუწყება ესპანური მედია.
მისი ცნობით, ჯგუფის წევრები ესპანეთის ტერიტორიაზე სახლებსა და სხვადასხვა შენობებს ძარცვავდნენ. დაჯგუფება მადრიდში იყო ბაზირებული და მას, ესპანეთის პოლიციის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობდნენ.
ქსელი იყოფოდა რამდენიმეკაციან ჯგუფებად, რომლებიც სხვადასხვა ქალაქში ჩადიოდნენ, ათობით ობიექტების გაძარცვის შემდეგ კი ტოვებდნენ ტერიტორიას. ქსელი წევრებს აწვდიდა ყალბ დოკუმენტებს, ასევე უსაფრთხო სახლებს, რომლებსაც, როგორც ესპანური მედია წერს, ხშირად აქირავებენ წინამორბედები, რომლებიც, როგორც წესი, წარმოშობით ქართველი ქალები არიან.
ცნობილია, რომ თანხებს ჯგუფის წევრები საქართველოში და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.
პოლიციამ გამოავლინა სამი წევრი, რომლებიც ლუგოს პროვინციაში დააკავეს. სახლის ჩხრეკისას ამოიღეს მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირადღირებული საათები, ძვირფასეულობა, მობილური ტელეფონები, ნაღდი ფული. მედია წერს, რომ არ არის გამორიცხული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრი დააკავონ.