
ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს
06/09/2023 07:18:54 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს, – იუწყება Sky News ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, შესაბამისი ბრძანებულების პროექტს, რომელიც დაჯგუფების აკრძალვას გულისხმობს, ქვეყნის პარლამენტი დღეს განიხილავს.
„ბრძანებულების თანახმად, რუსულ დაჯგუფებაში წევრობა ან მისი მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიაზე 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, ასევე „ვაგნერის“ აქტივები, შესაძლოა, ტერორისტული ქონების კატეგორიას განეკუთვნოს, მათი შემდგომი კონფისკაციით“, - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ „ვაგნერის“ დაჯგუფებამ, მისი ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის დაღუპვამდე, შესამჩნევი როლი ითამაშა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს. ის ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სირიაში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში, სუდანში და ლიბიაში არსებულ კონფლიქტებში.