"გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა": პრეზიდენტი ვერასოდეს მიიღებს პროცესში მონაწილეობას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს "ოცნება" ერთპარტიულად აირჩევს
07/09/2023 07:45:43 პოლიტიკა
"გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" "ქართული ოცნების" მიერ საარჩევნო კოდექსში დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. პარტიები ამბობენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში პრეზიდენტის როლი მმართველმა გუნდმა შეგნებულად, საერთაშორისო და შიდა აქტორების შეცდომაში შესაყვანად, შემოიტანა.
მათივე განცხადებით, პრეზიდენტი ვერასოდეს მიიღებს პროცესში მონაწილეობას, რადგან უწყების ხელმძღვანელის არჩევა განხორციელდება ერთპიროვნულად, მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მეშვეობით.
პარტიების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ქართული ოცნება" აგრძელებს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტით მანიპულირებას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რითიც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს.
საქმე ეხება გუშინ „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი გაზრდილი კვორუმით, 90 ხმით აირჩევს ცესკო-ს თავმჯდომარეს. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხერხდება, პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარეს 76 ხმით აირჩევს, ხოლო თუ ვერც 76 ხმის შეკრება მოხერხდება, უწყების ხელმძღვანელს პრეზიდენტი ერთპიროვნულად დანიშნავს.
სინამდვილეში პროცესი შემდეგ სახეს მიიღებს:
- "ქართული ოცნება" ცესკო-ს თავმჯდომარეობის პოზიციაზე წარმოადგენს მმართველი პარტიისადმი უპირობოდ მორჩილ კანდიდატურას, რომელსაც ოპოზიცია მხარს ვერ დაუჭერს, რის შემდეგაც, ხელისუფლება 76 ხმის მობილიზებით, ერთპიროვნულად აირჩევს უწყების ხელმძღვანელს. (შენიშვნა: მმართველ პარტიას საქართველოს პარლამენტში არა ცესკო-ს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 76, არამედ 84 მანდატი აქვს, რასაც ემატება ხელისუფლებას დაქვემდებარებული პრორუსი დეპუტატების ხმები.)
- ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის პროცედურაში პრეზიდენტის როლი "ქართულმა ოცნებამ" შეგნებულად, საერთაშორისო და შიდა აქტორების შეცდომაში შესაყვანად, შემოიტანა. ცვლილებებით შემოთავაზებული სცენარით, პრეზიდენტი ვერასოდეს მიიღებს პროცესში მონაწილეობას, რადგან უწყების ხელმძღვანელის არჩევა განხორციელდება ერთპიროვნულად, მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის მეშვეობით.
ამგვარი ტყუილები მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ "ქართული ოცნება" არ გეგმავს არავითარ სისტემურ რეფორმას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, რაც კიდევ უფრო ამცირებს სტატუსის მონიჭების ალბათობას.
საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის წინ, "ქართული ოცნების" პროვოკაციული ინიციატივა წარმოადგენს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულების იმიტაციას. ამ პროცესის მიზანია ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დასრულდეს შეფასებით, თითქოს ივანიშვილის გუნდი მზადაა, პოზიტიური დინამიკა შექმნას საქართველოს ევროკავშირის მოთხოვნებთან თავსებადობის მიმართულებით, რაც საქართველოს მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანას, რუსი ოლიგარქისა და მისი გუნდის რეალური განზრახვის დაფარვასა და სტატუსზე უარის შემთხვევაში შედეგის ევროპელი პარტნიორებისათვის გადაბრალებას ისახავს მიზნად".


