
მოსკოვში ამჯერად სომხეთის NATO–სთან დაახლოება აშფოთებთ
07/09/2023 08:09:58 კავკასია
მოსკოვში ამჯერად სომხეთის ნატო–სთან დაახლოება აწუხებთ. ამ თემაზე განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა გააკეთა.
„ჩვენ ვხედავთ ნატოს მცდელობებს, თავისი დამღუპველი გავლენის სფეროში შეითრიოს არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთის სხვა მეზობლებიც, ამ შემთხვევაში სომხეთი. დარწმუნებული ვარ, სომეხ საზოგადოებას, სომეხ ხალხს აქვს საკმარისი სიბრძნე, შორსმჭვრეტელობა, თანამედროვე საერთაშორისო რეალობის ობიექტური აღქმა საიმისოდ, რომ არ მოტყუვდეს ნატო-ს პროვოკაციული, ანტირუსული და ანტისომხური მცდელობებით, შეყვანოს სომხეთის თავისი გავლენის სფეროში", - თქვა რუსმა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, „ჩვენ არავის არაფერს ვკარნახობთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, პარტნიორების ყურადღებას ვაქცევთ იმაზე, რომ ნატო–სთან დაახლოება ნაკლებად სავარაუდოა, შემოუბრუნდეს ვინმეს დადებითი შედეგებით საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით“.
ამასთან, მან გამოთქვა რწმენა, რომ "სომეხ ხალხს მშვენივრად ესმის ყველაფერი და გამოიტანს სწორ დასკვნებს, რომლებიც შეესაბამება სომხეთის უსაფრთხოების გრძელვადიან ინტერესებს“.
მანამდე სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთისა და შეერთებული შტატების Eagle Partner 2023 ერთობლივი სამხედრო წვრთნები სომხეთის ტერიტორიაზე 11-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება. ორშაბათს კი ნატოს ევროპის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარემ გიუნტერ ფელინგერმა განაცხადა, რომ სომხეთი ნატოში უნდა გაწევრიანდეს. ამასთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ წევრობის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ერევანი თანამრომლობს ალიანსთან და მზადაა, პროცესი განაგრძოს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ სომხეთის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობის შესახებ განცხადებებს "დიდი ფანტაზია" უწოდა.
„ეს დიდი ფანტაზიებია. სომხეთი ОДКБ-ს წევრია [ორგანიზაციით იმედგაცრუებულია ერევანი]და ჩვენ რეალობიდან გამოვდივართ“, - განაცხადა მან, იუწყება TASS.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთი და სომხეთი მოკავშირეები არიან და ერთმანეთს ეყრდნობიან უსაფრთხოების სფეროში, ქვეყნები ასევე გააგრძელებენ თანამშრომლობის გაძლიერებას სამხედრო და პოლიტიკურ სფეროებში.
ბოლო დღეებში რუსეთ–სომხეთს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადავიდა, ისმის მწვავე ურთიერთბრალდებები.
იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის