რომან გოცირიძე: დავარეგისტრირე კანონპროექტი, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი უნდა გაზარდოს
07/09/2023 10:13:10 პოლიტიკა
"დავარეგისტრირე კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან უნდა გაიზარდოს 60 000 ლარამდე“, - ამ ინიციატივით პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე გამოდის.
„ამავე დროს, უნდა შემცირდეს გადასახადის განაკვეთები და იგი უფრო მეტად დიფერენცირებული უნდა იყოს შემოსავლების ოდენობის მიხედვით, ვიდრე დღეს არის. ამჟამად მხოლოდ ორი განაკვეთია - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლისათვის და 100 0000 ლარზე მეტისათვის. ეს უნდა შეიცვალოს“, – აცხადებს გოცირიძე.
რომან გოცირიძე აღნიშნულ ინიციატივას იმით ხსნის, რომ ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადი 2004 წელს დაწესდა.
რომან გოცირიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
"როდესაც 2004 წელს ფიზიკურ პირებზე ქონების გადასახადს ვაწესებდით საგადასახადო კოდექსში (ეს თავი მთლიანად ჩემი დაწერილი იყო მაშინ, ისევე როგორც დღემდე მოქმედი ავტომობილების დაბეგვრა, ძრავის მოცულობიდან გამომდინარე), გადასახადისგან განთავისუფლდა ის ოჯახები, რომელთა წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე ნაკლები. გამოდიოდა, რომ თუ თვეში დაახლოებით 3300 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა ოჯახს, მაშინ ქონების გადასახადს არ გადაიხდიდა. ეს ძალიან დიდი ფული იყო მაშინ. იმ დროს ერთი დასაქმებულის საშუალო თვიური ხელფასი ათჯერ ნაკლები იყო, ვიდრე არის დღეს. საიდან მოვიტანე ეს 40 000? მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობა ედო ამას საფუძვლად - ისე არ უნდა მომხდარიყო, რომ დეპუტატები აღმოჩენილიყვნენ ქონების გადასახადიდან გათავისუფლებულთა კატეგორიაში. მაშინ დეპუტატის ხელფასი 3000 ლარზე ოდნავ მეტი იყო და იმის მერე დიდად არც შეცვლილა. ფაქტობრივად, იგივეა დღესაც, მხოლოდ ქუთაისში მგზავრობისა და სასტუმროში ცხოვრების დანამატი გადავიდა სახელფასო ნაწილში.
დღეისათვის 40 000 ლარი თავისი მსყიდველობითუნარიანობით 167%-ით ჩამოუვარდება 2004 წლის მაჩვენებელს. დღეს, ფაქტობრივად ღარიბი ოჯახებიც კი ექცევიან ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიაში. თუ ოჯახიდან, მაგალითად, სამი ადამიანი მუშაობს და მათი ხელფასი 1000 აღემატება, მათ სარგებლობაში არსებულ ბინაზე, მიწაზე თუ სხვა სახის უძრავ ნივთზე გადასახადი უნდა გადაიხადონ და თანაც საკმაოდ მაღალი განაკვეთით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მკვეთრად გაიზარდა უძრავი ქონების ფასი, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში მასობრივად შემოსვლის შემდეგ, აღნიშნული გადასახადი მძიმე ტვირთად აწვება დაბალი შემოსავლების მქონე (და არა მხოლოდ მათ) ოჯახებს. სხვადასხვა მიზეზით ჯერ ყველა არ იხდის ამ გადასახადს (რაც კანონდარღვევაა), მაგრამ ასე ვერ გაგრძელდება დიდხანს და სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდება მომავალში ასეულ ათასობით ადამიანი.
დავარეგისტრირე კანონპროექტი, რომლის თანახმადაც ქონების გადასახადისაგან განთავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან უნდა გაიზარდოს 60 000 ლარამდე. ამავე დროს, უნდა შემცირდეს გადასახადის განაკვეთები და იგი უფრო მეტად დიფერენცირებული უნდა იყოს შემოსავლების ოდენობის მიხედვით, ვიდრე იგი დღეს არის. ამჟამად მხოლოდ ორი განაკვეთია - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლისათვის და 100 0000 ლარზე მეტისათვის. ეს უნდა შეიცვალოს.
ინფლაციის, ლარის გაუფასურებისა და შემოსავლების ოდენობის ცვლილებებიდან გამომდინარე, აღნიშნული გადასახადი იმდენად მოძველებულია და რეალობასთან შეუსაბამო, რომ იმედია საპარლამენტო უმრავლესობა გააცნობიერებს ამას და დროულად მიიღებს ამ კანონს.
არც იმაზე ვიდარდებ დიდად, თუ ჩემს კანონპროექტს კოსმეტიკურად შეარემონტებენ და საკუთარ იდეებად გაასაღებენ “ოცნებაში” და ქულებს თვითონ ჩაიწერენ. მთავარია საქმე გაკეთდეს. ასეთი რამ ადრეც მომხდარა, მაგალითად, მცირე ბიზნესის დაბეგვრის შესახებ ჩემი კანონპროექტი ჩააგდეს, შემდეგ კი იგივე კანონპროექტი, მცირეოდენი ცვლილებებით თავად წარადგინეს და დღეს უკვე კანონის სახით მუშაობს და საკმაოდ კარგადაც.
იქნებ საოცრებაც მოხდეს და ოპოზიციის ერთ კანონპროექტს მაინც დაუჭირონ მხარი.
ვნახოთ!".


