Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

შალვა პაპუაშვილი: ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელია

08/09/2023 08:37:28 პოლიტიკა

„ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციები შეასრულოს და რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დაისვა საკითხი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების ევროკავშირისთვის აბსოლუტურად მიუღებელია:

"მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ე.წ. ტერმინოლოგიური გამიჯვნა ხალხისა და ხელისუფლების და მცდელობა, რომელიც ჩვენ გვესმის, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალური ოპოზიციისგან და ზოგიერთი ევროპარლამენტარისა თუ ევროპელი პოლიტიკოსისგან, არის აბსოლუტურად მიუღებელი ევროკავშირისთვის. ხალხი, ხელისუფლება, ქვეყანა, ეს არის ერთიანი ორგანიზმი და თუკი გადაწყვეტილება მიიღება ქვეყნის მიმართ, მიიღება სწორედ ამ ერთიანი ორგანიზმის - ხალხის და ხელისუფლების მიმართ, რომელიც წარმოადგენს საბოლოო ჯამში ჩვენს ქვეყანას“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობას, ქართული მხარის მხრიდან კი წამოყენებული იქნა საკითხი, რომ ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შემთხვევაში ტერმინი „ოკუპაცია“ დამკვიდრდეს:

„ჩვენ გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან. წარმოდგენილი იყო საქართველოს პარლამენტის მხრიდან ყველა პოლიტიკური ჯგუფი და გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა. ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა, ევროპულ პერსპექტივაზე. საუბარი იყო, ერთი მხრივ, იმაზე, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები შეასრულოს და მეორე მხრივ, ჩვენგან საუბარი იყო იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება იყოს დაფუძნებული დამსახურებაზე და იყოს სამართლიანი. ვისაუბრეთ ასევე რეგიონში არსებულ სიტუაციაზე უსაფრთხოების მხრივ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ახლა მაინც ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტებში, ნაცვლად სხვადასხვა ტერმინოლოგიისა, აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ტერმინი ოკუპაცია დამკვიდრდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს დაერქვას საკუთარი სახელი. სამწუხაროდ, დღემდე ევროკავშირის დოკუმენტებში ოკუპირებულ რეგიონებად არ მოიხსენიება საქართველოს ტერიტორიების ეს ნაწილები და მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივაც ჩვენ ვიგრძნოთ ევროკავშირის მხრიდან სათანადო შეფასება".

ცნობისთვის: ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. იგი უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ამ წუთებში ბორელი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება. პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. აუდიენციაა დაგეგმილი ასევე, საქართველოს პრეზიდენტთან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორთანაც გამართავს შეხვედრას.

გარდა ამისა, დღესვე ჯოზეფ ბორელი საოკუპაციო ხაზთან ჩავა და ადგილზე შექმნილ ვითარებას გაეცნობა.

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7 სექტემბერს ეწვია. მისი ვიზიტი დღეს დასრულდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S