
კადეტთა ლიცეუმს ნატო–ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი სტუმრობდა
04/12/2019 11:39:33 სხვა, თავდაცვა, რეკლამა
კადეტთა ლიცეუმს ნატო–ს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი გინტარას ბაგდონასი სტუმრობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი კადეტებს შეხვდა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება კი ნატო-საქართველოს ურთიერთობებს დაეთმო. თემის აქტუალობიდან გამომდინარე ინტერაქტიული ხასიათის შეხვედრა დაგეგმილ დროზე მეტხანს გაგრძელდა. საკითხის მიმართ კადეტთა ინფორმირებულობამ და მათ მიერ დასმულმა შეკითხვებმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა სტუმარზე.
დასასრულს კადეტებს სიტყვით ლიცეუმის დირექტორმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ მიმართა. „მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ რანგის სტუმრების ვიზიტი ლიცეუმში, რათა უფრო მეტი ვიცოდეთ ამ ორგანიზაციის შესახებ, ვერკვეოდეთ თუ როგორ ხდება ორგანიზაციაში გადაწყვეტილების მიღება, რა ღონისძიებები ხორციელდება ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისათვის. არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველი სამხედროების როლი ამ პროცესში, რომლებიც სისხლის ფასად იცავენ ქვეყნის კეთილდღეობას“- აღნიშნა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.