ბორელის 3 ძირითადი გზავნილი საქართველოს
08/09/2023 09:13:25 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოში სამი ძირითადი გზავნილით ჩამოვიდა. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა.
"მე სამი ძირითადი გზავნილი მაქვს:
1 – უეჭველია, რომ საქართველო მიეკუთვნება ევროპულ ოჯახს. მინდოდა, საქართველოში ჩამოვსულიყავი და პირადად ჩამომეტანა ეს გზავნილი ქართველი ხალხისთვის. როდესაც ჩამოვედი ქვეყანაში დავინახე ასეთი ძლიერი სულისკვეთება ქართველი ხალხის - 80 % მხარს უჭერს ევროკავშირში გაერთიანებას, ეს შთამბეჭდავი რიცხვია, მაგრამ ეს არამარტო რიცხვია. მე მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოში, კიდევ უფრო მეტი ვიდრე ბრიუსელში.
2 – ეს გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, ვიდრე საჭირო იქნება. მნიშვნელოვანია, ჩვენი პარტნიორები კოორდინერებულად თანამშრომლობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და აღიარებული იქნეს. ასევე უნდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის.
3 – ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. დღეს ყველაზე ძლიერია ჩვენი ურთიერთობები. უკრაინაში რუსეთის შეჭრის კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს გვერდით დგომას და ეს არ არის უბრალო სიტყვები. ჩვენ ამას ვამტკიცებთ კონკრეტული ქმედებებით, ინვესტიციებით, გვყავს სპეციალური წარმომადგენელი რეგიონში და მონიტორინგის მისია, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს".


