„უხერხულობა ვიგრძენი, ბორელი ნამდვილად გავაოცეთ" – რაქვიაშვილი პარლამენტში ბორელის ვიზიტის დეტალებს ყვება

08-09-2023 17:07:52 პოლიტიკა ,კომენტარი

დღეს ძალიან უცნაური შეხვედრა იყო. ალბათ, პირველად, უხერხულობა ვიგრძენი, იმდენად აცდენილი იყო „ქართული ოცნების“ რიტორიკა და ის ემოცია თუ გზავნილები, რომელიც ბორელისგან მოდიოდა,– უზიარებს საზოგადოებას საკუთარ შთაბეჭდილებას პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ „გირჩის“ წევრი, დეპუტატი სანდრო რაქვიაშვილი. საკანონმდებლო ორგანოში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებსა და ოპოზიციონერ დეპუტატებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ესაუბრა. მასთან ერთად დელეგაციის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ.

რაქვიაშვილი ვარაუდობს, რომ მსგავსი განცდა მხოლოდ მას არ დარჩენია და დაახლოებით ამის გაგრძელება იყო ტონი, რომელიც თან გასდევდა ბორელისა და პრემიერ–მინისტრის პრესკონფერენციას.

„ისეთი უცნაური პასუხი მიიღეს „ქართული ოცნების წევრებისგან, გაოგნებული ვუყურებდი და არც მესმოდა, საერთოდ რაზე ლაპარაკობდნენ. პრეტენზია [მმართველი გუნდის წევრებმა – რედ.] წაუყენეს, „როგორ გეკადრებათ, ჩვენ საერთოდ პირველი ქვეყანა ვართ, ყველაფერი გვეკუთვნის, კანონის უზენაესობას ვიცავთო“... უხერხული ვითარება იყო. სხვათაშორისის დელეგაციის ერთმა წევრმა საკმაოდ მკაფიო პასუხი გასცა, „ასე არ არისო“. „კი, რამდენიმე პარამეტრით თქვენ უკეთესი მდგომარეობა გაქვთ, ვიდრე უკრაინას და მოლდოვას, მაგრამ ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარამეტრით ჩამორჩებითო“. ამის შემდეგ ეს საკითხი აღარ განმეორებულა, იმდენად მკაფიო პასუხი მიიღეს“,– იხსენებს რაქვიაშვილი.

მან შეხვედრაზე არსებული განწყობის გადმოსაცემას კიდევ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა:

„შეხვედრის ემოცია ზუსტად რომ გადმოგცეთ: ბორელს შესჩივლეს [მმართველი გუნდის წევრებმა] ევროდეპუტატების განცხადებების გამო. იმდენად ვერ გაიგო ბორელმა, რომ ელჩმა აუხსნა შემდეგ. „ჩვენ რა შუაში ვართო“ – დაახლოებით ეს პასუხი მიიღეს, იმდენად არაადეკვატური იყოს ეს სიტუაცია. კიდევ ერთი მაგალითი – ოპოზიციონერი დეპუტატები რომ ლაპარაკპბდნენ, დელეგაციის წევრები იწერდნენ რაღაცეებს, შემდეგ კომენტარები რომ გაეკეთებინათ, „ქართული ოცნების“ წევრების საუბრის დროს უმეტესწილად გაოგნებულები იყურებოდნენ. ჩაწერასაც აზრი არ ჰქონდა. უმეტესწილად ვერ ხვდებოდნენ, რას ელაპარაკებოდნენ. ორი შემთხვევა იყო, როდესაც ბორელმა გააჩერა, ელჩს ელაპარაკებოდა და ფაქტობრივად, ელჩი უთარგმნიდა „ქართული ოცნების“ სიტყვებს. ძალიან უხერხული ვითარება იყო. დიახ, შესაძლოა, განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ასე არაადეკვატურად წარმოაჩენდე, პირველად წავაწყდი პარლამენტში. ბორელი ნამდვილად გავაოცეთ. დარწმუნებული ვარ, შეხვედრა რომ დატოვა, ბევრი უცნაური იდეა ექნებოდა ჩვენზე თავში“.

დეპუტატის ხედვით, მკაფიო შთაბეჭდილება დარჩა, რომ ევროპელებმა „ქართულ ოცნებაზე“ „ხელი ჩაიქნიეს“, მაგრამ იმდენად ესმით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის გარეშე დატოვება „ძალიან ცუდი იქნება“, მოთხოვნები ელემენტარულ საკითხებამდე დაწიეს.

„ბორელის განწყობა იყო ასეთი, რომ ძალიან უნდათ ევროპელებს, მოგვანიჭონ კანდიდატის სტატისი, მიხვდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს ამ 12 პუნქტს და ფაქტობრივად 12 პუნქტი დაილექა რამდენიმე ტექნიკურ დეტალამდე. მაგალითად, „ისუტიციის საბჭოს წევრები მაინც აირჩიეთ (იციან, რომ ორი წევრის არჩევა არაფერს შეცვლის, მაგრამ ეს მაინც გააკეთეთო), ცესკო–ს თავმჯდომარე აირჩიეთ წესიერადო“. „რაიმე დეოლიგაქრიზაცია მოიგონეთ, ერთად გააკეთეთ, რომ ამ ნაწილში მაინც დაასრულოთ პოლარიზაციაო“. რაღაცნაირად გულშემატკივრის პოზიციაში იყვნენ, „არ ვაპირებთ თქვენს მიტოვებას, გვერდში გიდგავართ“ და რაც შეიძლება პრიმიტივამდე დაწიეს [მოთხოვნები]. იკითხებოდა, რომ არანაირი რწმენა არ აქვთ, რომ „ქართული ოცნება“ პრინციპულად შეცვლის პოლიტიკურ გარემოს. ევროპელებიც დარწმუნდნენ, რომ ამათგან არაფერი გამოვა და ელემენარულ მოთხოვნებამდე დავიდნენ“,– ყვება რაქვიაშვილი და დასძენს, „ოპოზიციას გვთხოვეს, ნუ გააღვივებთ პოლარიზაციასო. ვფიქრობ, ერთადერთი მოგვეთხოვება, რომ თუ „ოცნება“ რამეს გააკეთებს (იქნებ გააკეთოს), ხელი არ შევუალოთ“.

მას აქვს განცდა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, თუმცა დათქმებით.

იხილეთ ასევე: „ხისტი“, „მკაფიო“, "რთული დღე „ოცნებისთვის“ – ოპოზიცია ბორელის მიერ პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულ გზავნილებზე

ახალი ამბები

სხვა სიახლეები