
ბარნაბიშვილი – გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობაზე: ყველასთან მოხდა დაკავშირება
08/09/2023 15:41:31 რეგიონები, საზოგადოება
მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ლერი ბარნაბიშვილის განცხადებით, სტიქიის შედეგად გურიის რეგიონში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, დანგრეულია ხიდები, გარემოს მოწყვეტილი იყო მოსახლეობა, თუმცა ყველასთან მოხდა დაკავშირება.
"კონტაქტზე არიან როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამაშველო სამსახურები",– თქვა ოფიციალურმა პირმა, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფება.
მისი მტკიცებით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა.
მან მწუხარება გამოთქვა დაღუპულების გამო და თქვა, რომ ერთი მოზარდის ძებნა ლანჩხუთში კვლავ გრძელდება.
მისი თქმით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია სამაშველო სამსახური, საგზაო დეპარტამენტი, მძიმე ტექნიკასთან ერთად მუშაობს ცოცხალი მაშველი ძალა.
"უნდა აღინიშნოს, რომ დილიდანვე, სტიქიის პირველივე საათებიდან როგორც ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე, ჩართული იყო სამაშველო სამსახურები, ჩართული იყო პრემიერის ადმინისტრაცია, მე პირადად ვიყავი კონტაქტზე სამაშველო სამსახურთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის რომ, მაქსიმალურად შემცირებულიყო მსხვერპლის და ზიანის რაოდენობა"- განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.