
მოსკოვში სომხეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს ერევნის "არამეგობრული ნაბიჯებისთვის"
08/09/2023 17:34:10 კავკასია
სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს "ერევნის მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებთან" დაკავშირებით.
კერძოდ, როგორც რუსეთის საგარეოში აცხადებენ, საუბარია რესპუბლიკაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესის დაწყებაზე (სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ რატიფიცირება აუცილებლად მოხდება. ამისთვის ერთ თვიანი ვადაა), პრემიერ - მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მეუღლის უკრაინაში ვიზიტზე და კიევში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნაზე, დაანონსებულ სომხურ–ამერიკულ სამხედრო წვრთნებზე. ამასთან, საპროტესტო ნოტა უკავშირდება სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკულ განცხადებებს რუსეთის საგარეოს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას მისამართით, რომელმაც მანამდე უხეშად გააკრიტიკა ნიკოლ ფაშინიანი და პრობლემები აზერბაიჯანთან სომხეთს გადააბრალა. გარდა ამისა, მოსკოვში უკმაყოფილოები არიან რუსი პროპაგანდისტების დაკავების გამო და როგორც მარია ზახაროვამ განაცხადა, რესპუბლიკაში დასავლური მედიასაშუალებების რაოდენობის ზრდაც აშფოთებთ.
ერევანსა და მოსკოვს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობა ახალ ფაზაში გადადის: ორმხრივი ბრალდებები ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სულ უფრო ხშირად ისმის.
იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის