11-09-2024 11:45:06 მსოფლიო
11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 23 წელი გავიდა.
2001 წლის 11 სექტემბერს, დილით "ალ-ქაიდას" 19 თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა.
ნიუ-იორკში მდებარე სავაჭრო ცენტრს – ტყუპ ცათამბჯენებს ტერორისტების მიერ გატაცებული ორი თვითმფრინავი შეეჯახა.
იმავე დღეს ტერორისტებმა კიდევ 2 თვითმფრინავი გაიტაცეს, რომელთაგან ერთი ვირჯინიის შტატში პენტაგონის შენობას შეეჯახა, მეორე კი მგზავრთა მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად პენსილვანიის შტატში სომერსეტ ქაუნთის ველზე ჩამოვარდა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.
ტერორისტული აქტი მსოფლიოს იმჟამინდელი ნომერ პირველი ტერორისტის – უსამა ბინ ლადენის მიერ იყო ორგანიზებული.
მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბრჯენების ნგრევას 2,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. შენობების ნგრევის დროს განადგურდა 1337 სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის სახანძრო სამსახურის 91 მანქანა.
ტყუპებთან ერთად დაინგრა 47-სართულიანი შენობა (Building 7), რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის კომპლექსის ნაწილი იყო.
ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდაში ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაგვის გატანა 261 დღეს გაგრძელდა. ნანგრევების ტერიტორიაზე ხანძრის კერების ჩაქრობას 99 დღე დასჭირდა.
სანაგვეზე გატანილი ლითონის კონსტრუქციები, საბოლოო ჯამში ჩინეთში და ინდოეთში გაიყიდა. ჩინურმა ფირმა Baosteel-მა 50 ათასი ტონა ლითონი იყიდა (ერთი ტონა - 120 დოლარად).
აშშ-ის ხელისუფლებამ 2001 წლის 11 სექტემბრის მსხვერპლთა ოჯახებს დახმარების სახით ჯამში, 1,8 მილიონი დოლარი გადაუხადა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ აშშ-ის სპეცსამსახურებმა 5 ათასზე მეტი ტერორისტი გაანადგურეს ან ტყვედ აიყვანეს.