"ოცნებაში" პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნას "პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის გადაფარვის უსუსურ მცდელობად" აფასებენ
11/09/2023 07:54:03 პოლიტიკა
"ქართულ ოცნებაში" პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნას "პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევის გადაფარვის უსუსურ მცდელობად" აფასებენ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის შესაბამისი მოთხოვნა "სპეკულაცია და სისულელეს".
"პირველ რიგში, მოიკითხონ, რა სახსრებიდან არის გაღებული შესაბამისი ხარჯი. არც ერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. შესაბამისად, ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. არ ვიცი, აქაც ცდილობენ, რომ გადაეფარონ საკუთარ თანაგუნდელ სალომე ზურაბიშვილს, მათ ჰყავთ საერთო პატრონი. ეს არის, რაღაცნაირად უსუსური მცდელობა, რომ გადაფარონ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა. მეტი მიზეზი რეალურად ამ ყველაფერს არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს არის ძალიან უსუსური მცდელობა. ბიუჯეტიდან არ იყო არცერთი თეთრი გადახდილი. მერწმუნეთ, ყველა ინფორმაცია საჯარო იქნება, არაფრის დამალვის საჭიროება და ინტერესი არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად ღიაა. ყველაფერი დეკლარაციაში იქნება ასახული, როგორც შემოსავლებთან და ასევე ხარჯებთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან ფული თუ არ არის დახარჯული, რა გამოძიებაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რომ სწორედ „ნაციონალები“ , ხაზარაძე და სხვები იყვნენ ის ადამიანები,რომლებიც „აპრავებდნენ“ სააკაშვილის მიერ სწორედ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი ინტერესებისთვის. რაც შეეხება იმპიჩმენტს, რა შუაშია იმპიჩმენტი? წაიკითხონ კონსტიტუცია. ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ არის დახარჯული და ისინი "აპრავებდნენ" ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. იმპიჩმენტზე საუბარი არის სპეკულაცია და სისულელე. ეს ხალხი "აპრავებდა" სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულის ხარჯვას საკუთარი კეთილდღეობისთვის. ირაკლი ღარიბაშვილს არცერთი თეთრი არ დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ხომ ხვდებით, რამხელა სპეკულაციასთან გვაქვს საქმე. სამარცხვინოა ეს“, - განაცხადა კობახიძემ.
საკითხთან დაკავშირებით კობახიძის მსგავსი პოზიცია დააფიქსირა მისმა თანაგუნდელმა კახა კალაძემ:
„მიზანმიმართული ბინძური კამპანიაა პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადება იქნა გაკეთებული აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები, პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც იყო გაკეთებული, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, ყოველ შემთხვევაში, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, რადგან რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული. როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ეს არის უმძიმესი საკითხი. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, კანონს, პატივს უნდა სცემდეს ჩვენს ქვეყანას, ხალხს – არღვევს კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმეა. რეალურად პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა“.
ცნობისთვის: 11 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.


