იაგო ხვიჩია: პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, „ლელოს“ თავის გამოჩენის სურვილი აქვს
11/09/2023 08:55:40 პოლიტიკა
პარტია „გირჩის“ ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, პრემიერის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ.
„პრემიერის იმპიჩმენტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება. თუ დავფიქრდებით, ოპოზიციას ღარიბაშვილი ყველაზე მეტად გვაწყობს „ქოცების“ პრემიერად. გამარჯვება თუ გინდა და საერთოდ რამის გამკეთებელი ხარ, სხვანაირად როგორ უნდა დაგეხმაროს „ქართული ოცნება“. შენ კიდევ ითხოვ ხელისუფლების ყველაზე სუსტი და რეპუტაციაშერყეული პერსონა გადავაყენოთ და ამის ნაცვლად, ქოცებსვე ვთხოვოთ, უკეთესი პრემიერი მოგვიყვანონ. ამის რატომ გჯერა, რა გაძლევს ამის საფუძველს? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პრემიერმა ყველაფერში წააგო – პრეზიდენტთან წააგო, თვითმფრინავის საქმეზე წააგო, ბორელი რომ ჩამოვიდა, წააგო და წააგო. ამ დროს შენ გინდა, გამარჯვებით დაასრულებინო, რომ საბოლოო ჯამში, მისი იმპიჩმენტი ვერ შედგა“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, იაგო ხვიჩიამ.
კითხვაზე, რა მიზანი აქვს „ლელოს“, როდესაც ის პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ხვიჩიამ განაცხადა:
„თავის გამოჩენის სურვილი. როგორც მასწავლებელი კლასში იტყვის, აბა, ვინ არის მზად გაკვეთილისთვისო და რომც არ იყო მზად, ხელს რომ იწევ ყველაზე ენერგიულად და იძახი, მას, მას გამიყვანეო, ასეთი ეფექტი აქვს. თავის გამოჩენა მაშინ, როდესაც ეს თემა მაინცდამაინც თავის გამოსაჩენი არ არის“.
ამავე თემაზე: „ლელო“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს.
ცნობისთვის: 11 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.


