ლევან დავითაშვილი: "ჩინეთთან დღეში ერთი ფრენა მალე გვექნება, მაგრამ ჩვენი ამბიცია ცოტა მეტია, დღეში შეიძლება, ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი"
11/09/2023 12:29:46 პოლიტიკა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
მისი თქმით, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ ყოფნა 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ:
"ჩინელ მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შეუძლია შემოსვლა. ერთი შემოსვლის ვადა 30 - დღიანია, ტურიზმისთვის ეს აბსოლუტურად მისაღები რიცხვია და ასევე, სხვა ყველა საკითხი გათვალისწინებულია. ერთი თვის განმავლობაში, ჩინეთის მოქალაქეებს საქართველო შეუძლიათ უვიზოდ მოინახულონ".
როგორც მან აღნიშნა, ჩინეთთან პირველ ეტაპზე, ყოველ დღე ერთი რეისი შესრულდება, თუმცა მისი თქმით, დღეში შეიძლება, ათამდე ფრენა იყოს სამიზნე მაჩვენებელი.
"ყოველ დღე ერთი რეისი გვექნება, ეს ნიშნავს რომ კვირაში 7 რეისი [შესრულდება]. ეს იქნება სამმხრივი ფრენა პეკინი-ურუმჩი-თბილისი. თუმცა, საბოლოოდ ჩვენ გვინდა, რომ პირდაპირ დაკავშირებადობა ჩინეთის აღმოსავლეთის ქალაქებთან გაიზარდოს და ამაზე პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი სამუშაო გვექნება. [...] პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ ვმუშაობთ და გვქონდა ჩინეთის სამხრეთის ავიახაზებთან საუბარი პირდაპირი ფრენების ზრდაზე და ასევე სხვადასხვა ქალაქის დამატებაზე. პირველ ეტაპზე, ჩვენ მივიღეთ შეთანხმება, რომ, სულ მცირე, დღეში ერთი ფრენა უახლოეს ხანებში გვექნება ჩინეთთან, თუმცა ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ამბიცია ცოტა მეტია. პირდაპირ გეტყვით, რომ დღეში შეიძლება, ათამდე ფრენა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან იმისთვის, რომ შევძლოთ ზუსტად იმ ნაკადების უზრუნველყოფა, რომელიც უკვე შესამჩნევი და ხელშესახები შედეგი იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით. ასე რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობამ მიიღო, არის თანმიმდევრული გეგმის ნაწილი", - აცხადებს დავითაშვილი.
მისი თქმით, ჩინეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ეკონომიკურ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია:
"ერთ-ერთი მიმართულება, სადაც ჩვენ ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს ვხედავთ ეს არის ტურისტული სექტორი, ჩინეთი არის ყველაზე დიდი ტურისტული ბაზარი მსოფლიოში, ალბათ ყველასთვის სასურველი ბაზარი. ყოველწლიურად ჩინეთიდან 150-ზე მეტი მილიონი ტურისტი სხვადასხვა ქვეყანას სტუმრობს და ამ ტურისტების დანახარჯები სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 300 მილიარდამდეა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ბაზრის მნიშვნელოვანი წილი საქართველოზეც მოდიოდეს. დღეს ეს მინიმალურია, ფაქტობრივად, არ გვაქვს, მაგრამ თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვანი ნაკადი გვქონდეს და ერთ-ერთი ახალი ტურისტული ბაზრის სათანადოდ ათვისება შევძლოთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არის ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობამ მიიღო“, - განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ "რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ ტურისტული ნაკადების ზრდა წარმატებით მოახდინა ჩინეთიდან სავიზო რეჟიმის გაუქმების პირობებში".


