Accentnews.ge
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს

11/09/2023 12:15:09 პოლიტიკა

"პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებას პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

პაპუაშვილმა მსხილაძეს კორექტულობისკენაც მოუწოდა.

"რაც შეეხება იმპიჩმენტის მომენტს, მნიშვნელოვანია ერთი რამ. როცა კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე და მნიშვნელოვანია ერთი რამ, როცა ამ კანონის განზრახ და უხეში დარღვევა ხდება, ამას სათანადო შეფასება სჭირდება, ვინაიდან ეს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სახელმწიფოს საფუძველთან, მის კონსტიტუციასთან ქვეყნის დამოკიდებულებაა, მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა არის, რაც ამ იმპიჩმენტის პროცესს განაპირობებს. რაც ამ დღეების განმავლობაში ამ ქმედებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ოპოზიციისგან, სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან მოვისმინეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას, მათ შორის, როცა საუბარია იმაზე, რომ „კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ“ - ეს „მაგრამ“ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახი დარღვევის მიმართ აბსოლუტურად მიუღებელია, ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება აუცილებელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და ამ ქმედებას სამართლებრივი შეფასება მისცეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი უფლებამოსილების და კომპეტენციის ფარგლებში ჩაეტიოს. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, კორექტული იყოს.

ეს არის ჩვენი კონსტიტუცია, ქართველი ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ეს არის ჩვენი პრეზიდენტი და ეს არის ჩვენი საკონსტიტუციო სასამართლო, ამიტომ მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იზრუნოს, რომ მისი კონსტიტუცია იყოს დაცული მისი პრეზიდენტის მიმართ. ჩვენ თუ არ ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას პატივს, არავინ არ სცემს. კონსტიტუციის გაფრთხილება სწორედ ეს არის, ევროპული სტანდარტი და ევროპული ღირებულება. პირიქით, კონსტიტუციის დარღვევა და კონსტიტუციის მიმართ უდიერი მოპყრობა არაევროპული საქციელია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი სხილაძემ, რომელიც პარლამენტში იმყოფებოდა, "მმართველი პარტია რუსეთის „მესიჯბოქსების" განხორციელებაში" დაადანაშაულა.

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ლუსტრაცია დაიწყო იმის, ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი. მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს", რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. [რუსეთის ხელისუფლების] ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ყველაფერი დღესავით ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“, - განაცხადა მსხილაძემ.

11 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად.

დღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმრავლესობას 80-ზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშნული ქეთევან დუმბაძის უფლებამონაცვლისთვის პარლამენტს ლეგიტიმაცია ჯერ არ მიუნიჭებია, დავით სერგეენკო კი საპარლამენტო საქმიანობაში აღარ არის ჩართული მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ (პირველი მოსმენით) მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.

მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.

ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S