
სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
12/09/2023 06:49:11 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
სომხეთის მთავრობის პრეს-სამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე.
„საუბრისას ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ხელს შეუწყობს რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და კეთილდღეობას.
მხარეებმა აღნიშნეს, რომ გააგრძელებენ დიპლომატიურ ძალისხმევას ამ მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
მოგვიანებით ფაშინიანმა ერდოღანთან საუბარს მნიშვნელოვანი და სასარგებლო უწოდა.
"ასევე მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მთელი რიგი ორმხრივი ნიუანსები და პოზიციებთან და შეფასებებთან დაკავშირებით მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო",– თქვა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერს ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა, რომ საზღვარზე დაძაბულობის ფონზე მას სატელეფონო საუბრები ჰქონდა ირანის, საქართველოს, საფრანგეთის, გერმანიისა და შეერთებული შტატების ლიდერებთან, მაგრამ არ შემდგარა საუბარი მის სტრატეგიული პარტნიორ რუსეთთან.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ვითარება საზღვარზე დაძაბულია, რადგან აზერბაიჯანი აგროვებს ჯარებს სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე, ასევე მთიანი ყარაბაღის ირგვლივ და პირველი სატელეფონო ზარები ამასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განხორციელდა.
„ზარების მიზანი იყო ამ ინფორმაციის მიწოდება იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც არ იცნობენ ვითარებას ან, დიდი ალბათობით, არ იციან ნიუანსები. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზუსტად იცის ეს სიტუაცია",– განაცხადა პრემიერმა.