ანა ბუჩუკური: არ გამოვრიცხავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ოცნებასთან“ ალიანსით ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ
12/09/2023 08:24:43 პოლიტიკა
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულმა წევრებმა მხარი დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს და „ქართულ ოცნებასთან" ალიანსით სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან გადააყენონ.
„ნამდვილად არ გამოვრიცხავთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოჩნდნენ დეპუტატები (სულ 10-12 დეპუტატია ამისთვის საჭირო), რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ მავნებლურ გადაწყვეტილებას და კიდევ ერთხელ დადასტურდეს მათი ალიანსი და ერთობლივად გადააყენონ სალომე ზურაბიშვილი თანამდებობიდან. ყველას გვახსოვს მსგავსი პრეცედენტები, რამდენიმე თვის წინ „ქართულმა ოცნებამ“ მურუსიძის კლანი გააძლიერა სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრების დახმარებით“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება უკვე შევიდა.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 80-ზე მეტი დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.


