ბექა ოდიშარია: "ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება შრომობენ, იმსახურებენ გარკვეულ გასამრჯელოს, აქვთ რაღაც შემოსავალი, არ აქვთ უფლება შვილს თუ შვილიშვილს ასეთ განსაკუთრებულ მომენტში მხარში დაუდგნენ?!"
12/09/2023 10:20:45 პოლიტიკა
"ეს ხალხი მთელი ცხოვრება შრომობს, საქმიანობს, ნამდვილად არ მუქთახორობს და უსაქმურობს, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?!", - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია ჟურნალისტების კითხვას პრემიერ-მინისტრის ჩარტერული ფრენის დააფინანსების თაობაზე.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ღარიბაშვილის დეკლარაცია ვადაზე ადრე გამოქვეყნდეს.
„რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას ან ჩვენ მშობლებს ან თქვენსას გარკვეული შემოსავალი, ეს ხალხი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავის ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, ნამდვილად არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად, რატომ გვიკვირს, გვშურს ან გული გვისკდება იმაზე, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი?! ზოგიერთი ტელევიზიისგან გულისტკენაც კი მქონია - თურმე მამაჩემი, ადამიანი რომელიც მგონი, პირველი არხის გახსნასაც კი დაესწრო, იქ მუშაობდა იმის გამო, რომ მე ვიყავი დეპუტატი. პოლიტიკოსებს გულს გვიკლავთ განზრახ, გინდათ დაგვამციროთ, დაგვაბეჩავოთ ხალხის თვალში, გავიგე, რომ გვაქვს თმენის ვალდებულება, რომელიც არსად არ წერია და ესეც გამოგონილი ნარატივია სხვათა შორის იმისთვის, რომ ცალკარა ითამაშოთ და უტყაპუნოთ პოლიტიკოსებს უსამართლოდ, ათასი პასკვილები და ტყუილები აცხოთ, ხან დრონები აფრინოთ და ხან თავით შეუვარდეთ კერძო საკუთრებაში და წვეულებებზე. არავითარი თმენის ვალდებულება არ გვაქვს წერილობით, ესაა კეთილი ნება და მგონი, გითმენთ რაც კი შემიძლია, 8 წელია. მინდა გთხოვოთ, მოგიწოდოთ, თქვენც გყავთ მშობლები, ისინიც განიცდიან, როცა კონფლიქტში შემოდის თქვენთან ვიღაც, ხომ? ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება საქმიანობენ, შრომობენ, იმსახურებენ გარკვეულ გასამრჯელოს, აქვთ რაღაც შემოსავალი, არ აქვთ უფლება შვილს თუ შვილიშვილს ასეთ განსაკუთრებულ მომენტში მხარში დაუდგნენ?!” - განაცხადა ოდიშარიამ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში კერძო პირმა ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.
ცნობისთვის: 11 სექტემბერს პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გენერალურ პროკურატურაში განცხადება შეიტანეს. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის გამოძიების დაწყებას მოთხოვენ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით.
ამასთან, პარტია „ლელო“ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს. ინიციატივა ეყრდნობა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და მისი ვაჟის ჩარტერული რეისით მგზავრობას უკავშირდება.
საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განმარტა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩარტერული რეისით თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით გაემგზავრა, ხოლო, იქიდან აშშ-ის მიმართულებით - რეგულარული რეისით. ფრენის საფასური პრემიერ-მინისტრმა თავად გადაიხადა.


