პუტინმა სომხეთის კონტექსტში თავი "სტრატეგიული პარტნიორის" დადანაშაულებით იმართლა

12-09-2023 15:08:06 კავკასია

ერევან–მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე თემას კრემლის ლიდერი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა და მათ შორის, ლაჩინის დერეფნის ირგვლივ შექმნილ პრობლემებში სომხეთი – მისი "სტრატეგიული პარტნიორი" დაადანაშაულა. მანამდე მსგავსი განცხადება განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააკეთა.

კერძოდ, პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ რუსეთი სომხეთს კონფლიქტის რეგულირებისთვის სთავაზობდა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას იმგვარად, რომ იურისდიქცია შეენარჩუნებინა მთლიანად ყარაბაღზე და ორი რეგიონზე - ქელბაჯარსა და ლაჩინზე.

"მაგრამ სომხეთის ხელმძღვანელობა ამას არ დაეთანხმა, თუმცა მათ დარწმუნებას 10 თუ 15 წელი ვცდილობდით. სხვადასხვა ვარიანტები, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი აქამდე მივიდა. ჩვენს კითხვაზე - რას გააკეთებთ, გვპასუხეს - ვიბრძოლებთო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იმ სიტუაციამდე მივიდა, რაც ახლა განვითარდა. მაგრამ ეს არ ეხება მხოლოდ ბოლო კონფლიქტის შედეგებს. საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე",– ირწმუნება პუტინი, თუმცა იმავდროულად ისიც აღიარა რომ "სამშვიდობო მანდატი" კვლავ ძალაშია.

ინფორმაციისთვის: სომხეთს ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად არ უღიარებია. სომხეთის პრემიერმა დაადასტურა მხოლოდ საკუთარი მზაობა, აღიაროს აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა რიგი პირობების სანაცვლოდ, მათ შორისაა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა.

ფაქტობრივად ამ არგუმენტით ახსნა პუტინმა ლაჩინის დერეფნის [მთიან ყარაბაღს აკავშირებს სომხეთთან] ბლოკირებისას რუსი სამშვიდობოების უმოქმედობა, რომლებიც რეგიონში ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ გაფორმებული სამხრივი შეთანხმების საფუძველზე შევიდნენ, რომლის თანახმადაც, მათ უნდა ეკონტროლებინად დერეფანში გადაადგილება. სწორედ ამ შეთანხმების დარღვევაშიც ადანაშაულებს სომხეთი რუსეთს.

„ახლა პრეზიდენტი ალიევი მეუბნება: „თქვენ იცით, სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი ჩვენია, რომ ყარაბაღის სტატუსის საკითხი აღარ არსებობს, ის მოგვარებულია“. როცა გვეუბნებიან : "და თუ ასეა, მაშინ ახლა ყველა საკითხი, თუ გინდათ რაიმე გააკეთოთ ყარაბაღში, ჩვენთან – ორმხრივ ურთიერთობებში უნდა გადაწყდესო". რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია. თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია“, - იმართლა თავი პუტინმა.

იხილეთ ასევე: "რუსეთმა ფუნდამენტური შეცდომა დაუშვა": ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა ახალ ფაზაში გადადის

ახალი ამბები

სხვა სიახლეები