ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, პრემიერის მამის კომპანიასთან ხელშეკრულება გაუქმებულია
12/09/2023 16:03:08 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მამის – ტარიელ ღარიბაშვილის კომპანიის შპს „ქართული ფესვების" შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით გამოეხმაურა ღვინის ეროვნული სააგენტო.
როგორც სააგენტო აცხადებს, სახელმწიფო საწარმომ, შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" იმ ყურძნის შეძენის მიზნით, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნებოდა მოთხოვნა, 2023 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულება გაუფორმა შპს „ქართულ ფესვებს".
მაგრამ უწყებისვე ცნობით, კერძო სექტორის აქტიურობიდან გამომდინარე, არ გახდა საჭირო პროცესში „ქართული ფესვების” ჩართვა და 1 სექტემბერს მას გაუუქმდა ხელშეკრულება.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტო აღნიშნავს „მოსავლის მართვის კომპანიაზე" დაყრდნობით, „ქართულ ფესვებს" არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ ჩაუბარებია, არ მიუღია არანაირი თანხა და ამ ეტაპზე, შესაბამისად, არ არსებობს არც ხელშეკრულება.
12 სექტემბერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე „ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თბილისი-მიუნხენი-თბილისის ჩარტერული ფრენის ხარჯი მამამ გადაუხადა. ჯაფარიძე დაინტერესდა თანხის წარმომავლობით და დაწერა:
„ფული საიდან?
ეკონომიკის სამინისტროს აქვს სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტო". სსიპ „საწარმოთა მართვის სააგენტოს" აქვს შპს „მოსავლის მართვის კომპანია". შპს „მოსავლის მართვის კომპანია"-მ წელს, 29 აგვისტოს, გამარტივებული წესით გაუფორმა ხელშეკრულება შპს „ქართული ფესვები"-ს. შპს „ქართული ფესვები" არის ტარიელ ღარიბაშვილის. 150,000 ლარს უხდიან წლის ბოლომდე რომ ყურძენი გადაამუშაოს (კილო 10 თეთრი). ტარიელმაც აიღო და ბორტი #1 უქირავა შვილს რომ შვილიშვილი წაეყვანა პენსილვანიაში".


