
მოსამართლემ ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი გაამართლა
13/09/2023 09:04:33 სამართალი
გურჯაანის რაიონული სასამართლომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არც ერთი ადამიანის წინააღმდეგ ჯარიმა არ გამოიყენა.
მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 11 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა.
პოლიცია ყველა მათგანს "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას" და "წვრილმან ხულიგნობას" - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.
მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა ალექსანდრე მირახოვს, ტიტე გედენიძეს და შუშანა მაცაბერიძეს. საქმის წარმოება შეწყდა: რამაზ ქერეჭაშვილის, ბექა პაპაშვილის, დავით იმედაშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის, თამაზ ჩხობაძის, გიორგი გეწაძის, ლაშა ხუსკივაძის, გიორგი მირახოვის, ნიკოლოზ ნარსიას, გელა ხასაიას და ნიკოლოზ ღონიაშვილის მიმართ.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება.