ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების ფაქტს აკრიტიკებენ
13/09/2023 09:09:10 პოლიტიკა
ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფაქტს აკრიტიკებენ. „საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.
„ეს საკითხები შეიძლება, იყოს შიდა თემა, მაგრამ, რა საკვირველია, მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა. ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტის მიმართვა ევროპარლამენტში, ის ძალიან ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების, ასე რომ, ჩვენ მას ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუ სხვა ამბებსაც გავითვალისწინებთ, კი არის შიდა საკითხები, მაგრამ მათ აქვთ საერთაშორისო გავლენა, რადგან, ვისაც გული შესტკივა საქართველოზე, თვალს ადევნებს მიმდინარე პროცესებს. მე მივიღე განმარტება, რომ კონსტიტუციის ზოგიერთი მუხლის სავარაუდო დარღვევა იყო. მე არ ვიცი საქართველოს კონსტიტუცია, სიმართლე გითხრათ, კონკრეტულ პუნქტებს მნიშვნელობა არ აქვს, მე უფრო დიდ სურათს ვუყურებ, დემოკრატიულ ქვეყანაში პრეზიდენტს იმპიჩმენტს რომ უწყობენ, ამას პოზიტიური გავლენა არ აქვს“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მარინა კალიურანდმა.
კიდევ ერთი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ამბობს, რომ ისევე როგორც საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხიც „ევროპაში ბევრისთვის მოულოდნელი მოვლენა აღმოჩნდა”.
„ცხადია, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ განახლებული ინფორმაციები მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება. ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.
12 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინება შეიტანა. ახლა რეგისტრაციის პროცესი დაიწყება და მომდევნო პროცედურების შესახებ შემდეგ გახდება ცნობილი.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრები მთავრობის თანხმობის გარეშე გამართა. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში პარლამენტს დასკვნა უნდა წარუდგინოს, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს აგრძელებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, 150-წევრიან საქართველოს პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში 80-ზე მეტი დეპუტატი შედის, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.


