საგარეო საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რატომ დაუწესა ბრიტანეთმა საქართველოს მოქალაქეებს სატრანზიტო მგზავრობისთვის სავიზო რეჟიმი
13/09/2023 11:58:51 პოლიტიკა
ოფიციალური თბილისი ბრიტანეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სატრანზიტო მგზავრობისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას "გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკით" ხსნის.
"დიდ ბრიტანეთში გამკაცრებული მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინებით, ქვეყანამ გააძლიერა საზღვრების კონტროლი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 8 სექტემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის აეროპორტში ტრანზიტული გავლისას, შემოღებულ იქნა ვიზის მიღების ვალდებულება (DATV). აღნიშნული კატეგორიის ვიზა საჭიროა მაშინ როდესაც პირი მიემგზავრება მესამე ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთში იცვლის ფრენას და არ გადის სასაზღვრო შემოწმებას. აღსანიშნავია რომ გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკის გამო გაერთიანებულ სამეფოს სატრანზიტო ვიზის რეჟიმი შემოღებული აქვს 100 მეტ ქვეყანასთან, მათ შორის ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის : მოლდოვა, უკრაინა, თურქეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, სამხრეთ აფრიკა ჩინეთი სომხეთი, აზერბაიჯანი, მონტენეგრო, ბოსნია და სხვა..", – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: ბრიტანეთმა საქართველოდან და რუსეთიდან სატრანზიტო მგზავრებისთვის ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა. 6 ოქტომბრიდან მათ ბრიტანული აეროპორტების გავლით ტრანზიტისთვის ვიზები დასჭირდებათ.
6 ოქტობრამდე იმოქმედებს გარდამავალი პერიოდი და ტურისტები ტრანზიტის განხორციელებას კვლავ უვიზოდ, 8 სექტემბრამდე შეძენილი ბილეთების საფუძველზე შეძლებენ.
როგორც ბრიტანეთის შსს-ში განმარტავენ, სავიზო რეჟიმის შემოღება შეამცირებს იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც ტრანზიტის საბაბით ქვეყანაში თავშესაფრის სათხოვნელად რჩებიან.
როგორც წესი, ნორმატიული აქტი ძალაში ბრიტანულ პარლამენტში განსახილველად წარდგენიდან არაუადრეს 21 დღისა შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თითქმის მაშინვე მოხდა. ეს იმ ვარაუდს უკავშირდება, რომ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირებიდან მის ძალაში შესვლამდე პერიოდში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შეიძლებოდა, გაზრდილიყო.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები სისტემატიურად ლიდერობენ იმ პირთა შორის, რომლებიც ტრანზიტს ბოროტად, თავშესაფრის სათხოვნელად იყენებენ.


