კობახიძე – 12 პრიორიტეტის შესრულებაზე: საერთოდ არ მინდა, ციფრებს ღრმად შევყვე
14/09/2023 10:00:21 პოლიტიკა
მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე, ევროკავშირის ელჩმა სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მეტიც, წარმოვადგენთ დეტალურ ინფორმაციას, როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გაკეთდება და იმედი აქვს, გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.
„საერთოდ არ მინდა, ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ, უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში, ყველანაირად ვიქნებით მზად, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით.
მანამდე ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ საქართველომ ბრიუსელიდან გასულ წელს მიღებული 12 რეკომენდაციიდან ამ ეტაპზე მხოლოდ სამი შეასრულა.
„ნათელია, როგორია პირობები, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გასულ წელს ევროპულმა საბჭომ ნათლად დასახა პირობები. იმედი მაქვს, საქართველო მათ შეასრულებს, რათა საქართველოსაც პოზიტიური შეთავაზება გავუკეთოთ. მთავრობამ თორმეტიდან სამი პრიორიტეტი შეასრულა. ახლა ყველა წუთი მნიშვნელოვანია, რადგან უკვე ოქტომბერში უნდა წარვადგინოთ ანგარიში. ვხედავთ, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და კანდიდატობა. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა პირობებს შეასრულებს და შემდეგ ნაბიჯზე გადავალთ“, – თქვა ვარჰეიმ.
მსგავსი განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა ჟოზეფ ბორელმაც. მისი თქმითაც, ამ ეტაპზე მხოლოდ სამი რეკომენდაციაა შესრულებული და პროგრესი ევროკავშირის წევრობის გზაზე დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესია.
საქართველოს ხელისუფლება მუდმვად ირწმუნება, რომ მხოლოდ დეპოლარიზაცია აქს შესასრულებელი და ესეც მათ შორის ოპოზიციაზეა დამოკიდებული.


