საქართველო უერთდება NATO-ს ოპერაციას ხმელთაშუა ზღვაში
14/09/2023 11:31:19 პოლიტიკა
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ჯგუფი, 12 მოსამსახურის შემადგენლობით, ნატო-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში "ზღვის მცველი" მონაწილეობის მიღების მიზნით საბერძნეთში გაემგზავრა.
ეს საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართული ქვედანაყოფი ნატო-ს ეგიდით წარმოებულ საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში, ოპერაციული პარტნიორის სტატუსით ერთვება.
ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო გახდა პირველი ასპირანტი ქვეყანა, რომლის შესაბამისი ქვედანაყოფების ნატო-ს სერტიფიცირების ოთხწლიანი პროგრამის წარმატებით დასრულების შედეგად, ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ ოპერაციის ,,ზღვის მცველი“, ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.
ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველის“ ამოცანებია: ტერორიზმთან ბრძოლა, ზღვაზე თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
შსს–ს ცნობით, სანაპირო დაცვის მოსამსახურეების საბერძნეთში ჩასვლის შემდეგ, ოპერაციაში გადასროლამდე წინამოსამზადებელი სწავლება გაიმართება. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართული კონტინგენტი ნატო-ს საზღვაო შენაერთზე განთავსდება და ხმელთაშუა ზღვაში, ნატო-ს ოპერაციაში მიიღებს მონაწილეობას.


