პაატა მანჯგალაძე: „ქართული ოცნება“ ცდილობს, „მარტოხელა ჯაშუშის“ ლეგენდა შემოგვთავაზონ, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას მარტოხელა ჯაშუში ვერ გააკეთებს
15/09/2023 08:13:10 პოლიტიკა
“ქართული ოცნება" ცდილობს, „მარტოხელა ჯაშუშის" ლეგენდა შემოგვთავაზონ, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას მარტოხელა ჯაშუში ვერ გააკეთებს, აქ საუბარია ქსელზე, მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ფარცხალაძე აშშ-მ როგორც რუსეთის ჯაშუში დაასანქცირა, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყანაში კონტრდაზვერვითი და ოპერატიული საქმიანობა ჩამოშლილია.
"ფარცხალაძე დაკავშირებული იყო რუსეთის ფედერალურ უსაფრთხოების სამსახურთან. “ქართული ოცნება" ცდილობს ფარცხალაძე წარმოაჩინოს უკვე გადამდგარ პენსიონერ ჩინოვნიკად, რომელსაც არანაირი გავლენა არ აქვს პროცესზე. "ქართული ოცნება" ცდილობს "მარტოხელა ჯაშუშის" ლეგენდა შემოგვთავაზოს, მაგრამ როცა გავლენის მოხდენაზეა საუბარი, ამას "მარტოხელა ჯაშუში" ვერ გააკეთებს, აქ საუბარია ქსელზე, მთელ ორგანიზაციულ სტრუქტურაზე და ვიცით, რომ ფარცხალაძის გუნდის გავლენა დღესაც ვრცელდება პროკურატურაზე, პროკურატურის კადრებს წარმოადგენენ ფარცხალაძესთან დაკავშირებული ადამიანები და მათი იზოლაცია უნდა მოხდეს, ფინანსურ პოლიციაში დღესაც მასთან დაკავშირებული ადამიანები მართავენ პროცესებს და მათი ჩამოშორება უნდა მოხდეს. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობა, ოპერატიული საქმიანობა ქვეყანაში ჩამოშლილია, რადგან "ქართული ოცნება" თავად არის დაკავშირებული რუსეთთან”, - განაცხადა მანჯგალაძემ.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.
საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.


