Accentnews.ge
ფინანსთა მინისტრი: ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის ქმედებაზე

ფინანსთა მინისტრი: ვერც ერთი სახელმწიფო ვერ იქნება პასუხისმგებელი კონკრეტული პირის ქმედებაზე

15/09/2023 12:31:27 პოლიტიკა

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სახელმწიფო ყველა მოქალაქის ქმედებებზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. ასე უპასუხა მან აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შესახებ დასმულ კითხვას.

როგორც მან აღნიშნა, ფაქტობრივი მდგომარეობაა, რომ ფარცხალაძე 10 წელია, რაც სახელმწიფო სამსახურში არ მუშაობს.

მისი თქმით, საქართველო ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და ამის აღსრულება საქართველოში ძალიან ეფექტურად ხდება:

"მსოფლიომ მოისმინა ჩვენი პარტნიორების მხრიდან არაერთი შეფასება, რომ საქართველო ჩვენი პარტნიორების მიერ დაწესებულ სანქციებს ასრულებს და ამ ნაწილში არანაირი კითხვა არ არსებობს. ეს განმარტებები გაცემული იქნა იმ ფორმით, რომ სპეკულირების, ან ორაზროვანი მოსაზრების საშუალებასაც კი არ ტოვებს. შესაბამისად, ამ ნაწილში ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქართველო აქამდეც ასრულებდა საერთაშორისოდ დაწესებულ სანქციებს და ასე გაგრძელდება მომავალშიც.

რაც შეეხება უშუალოდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას ნებისმიერი პირის, ვინც არის ან იქნება სანქცირებული, მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციაა. არც ერთი სახელმწიფო მსოფლიოში არ არის და ვერ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პირის ქმედებაზე. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, თვითონ იმ ქვეყნებში, ვისაც სანქციები აქვს დაწესებული. მაგალითად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ძალიან ბევრი მოქალაქე არის სანქცირებული ამა თუ იმ იურისდიქციის მიერ. ბუნებრივია, ამ ნაწილში სახელმწიფო პასუხისმგებლობას ვერ გასცემს ყველა იმ პირის ქმედებაზე, რომელიც შეიძლება ამ ქვეყნის მოქალაქე იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში სანქციების აღსრულება ხდება და სანქციების გვერდის ავლა საქართველოს მეშვეობით არ ხორციელდება“, - განაცხადა ხუციშვილმა.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი უძრავ-მოძრავი ქონების გაყინვა, ხუციშვილი პასუხობს, რომ „საკუთარი აქტივების გამოყენების უფლება ყველა პირს აქვს“:

„სანქციების აღსრულება ნიშნავს იმას, რომ ყველა ის შეზღუდვა მოქმედებს, რომელიც უშუალოდ სანქციებთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, საკუთარი აქტივების გამოყენების შესაძლებლობა ნებისმიერ პირს აქვს, მათ შორის, იმ ქვეყნებში, სადაც ამ ტიპის სანქცირება ხდება. საერთაშორისო გადარიცხვების მიმართულებით ასეთი ტიპის შეზღუდვები გარკვეულწილად საფინანსო სექტორში მოქმედებს. შესაბამისად, საფინანსო ინსტიტუტები ამას იმ ფორმით ასრულებენ, რა ფორმითაც მათ მანდატში ეს შედის და რა ფორმითაც საერთაშორისოდ არის აღიარებული".

კიდევ ერთ კითხვაზე, კითხვაზე, შეეზღუდება თუ არა ყოფილ გენერალურ პროკურორს გადარიცხვები, ხუციშვილი პასუხობს, რომ „დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან“:

„აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი დეტალია, მითუმეტეს ჩვენ კიდევ უნდა მივიღოთ დამატებით ინფორმაცია. ის ინფორმაცია, რა ინფორმაციაც გვაქვს, გარკვეულ ნაწილში საკმარისი არ არის, ეს სანქციები დამოკიდებულია მათ შორის, სანქცირების მიზეზზე და შესაბამისად, ამ ნაწილებშიც საჭიროა დამატებითი შესწავლა. შესაბამისი სამსახურები ამ მიმართულებით მუშაობენ, მას შემდეგ, რაც უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, აღსრულების პროცესიც შესაბამისად გაგრძელდება“.

ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S