ლაშა თორდია: ოთარ ფარცხალაძეს ხელშეუხებლობის გარანტიები აქვს
15/09/2023 18:47:56 პოლიტიკა
აუდიტის სამსახურის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში 2017 წელს მასზე განხორციელებული თავდასხმა გაიხსენა. საქმეში ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა.
ლაშა თორდიას განცხადებით, არცერთ საქმეზე, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთანაა დაკავშირებული, საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა.
„თავდასხმა როცა მოხდა და ყველა შემდგომმა პროცესმა, რომელიც საზოგადოებისთვის ნათელია, როგორც განხორციელდა მართლმსაჯულება, გამოძიება, საქმის წარმოება, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანს აქვს ხელშეუხებლობის გარანტიები. ის გამართლებული იქნა უზენაესი სასამართლოს ჩათვლით ამ საქმესთან დაკავშირებით, ფორმალურად იყო ეს მართლმსაჯულება წარმართული. მუხლიც იმ დონის ჰქონდა წაყენებული, რომ საბოლოო შედეგი არ დადგებოდა ის, რასაც ითვალისწინებს მსგავსი ტიპის დანაშაული. ყველა სხვა საქმეც, რომელიც უკავშირდება ოთარ ფარცხალაძეს, კორუფციული გარიგებები იქნება ეს თუ ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა, არცერთ საქმეზე საბოლოო ჯამში შედეგი არ დამდგარა. ჩემს შემთხვევაში იძულებული გახდნენ, მეტ-ნაკლებად ფორმალური პროცედურები გაევლოთ ვითომ მართლმსაჯულების, გამოძიების და სასამართლოსი“, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ცნობისთვის: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინს იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის შემდგომ განცხადებაში: „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ".
ფარცხალაძე აშშ-ის გადაწყვეტილებას წერილით გამოეხმაურა, რომელშიც სანქციებს უსამართლო და ცილისმწამებლურ კამპანიაზე დაფუძნებული უწოდა.


