ადვოკატი: ლორთქიფანიძეს სუს–ის წარმომადგენლის ბოდვასთან შემხებლობა არ აქვს, ის 24– საათიან რეჟიმშია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ომში

18-09-2023 14:55:28 სამართალი

საქართველოს შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირის გიორგი ლორთქიფანიძის ინტერესების დამცველი აბსურდს უწოდებს სუს–ის მტკიცებას, „საქართველოს ხელისუფლების დამხობის“ გეგმებთან ლორთქიფანიძის კავშირის შესახებ.

ადვოკატი ამბობს, რომ ლორთქიფანიძე წარსულშიც არაერთგზის გამხდარა ცრუ ბრალდებების სამიზნე და სუს–ის განცხადებაც დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებაა და ვერანაირი მტკიცებულებები ვერ იარსებებს.

„გიორგი ლორთქიფანიძეს სუს–ის წარმომადგენლის ამ ბოდვასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ის რვა წელია, არ იმყოფება საქართველოში, ქართულ პოლიტიკასთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია, შესაბამისად, ვერანაირი პოლიტიკური მიზნები და ამოცანები ვერ ექნება. ის უკრაინაში სამხედრო დაზვერვაში ერთ–ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზეა, 24 საათიან რეჟიმშია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ომში“,– უთხრა „აქცენტს“ ადვოკატმა შოთა კახიძემ.

რაც შეეხება ოფიციალურ ბრალს, ადვოკატი ამბობს, რომ დაცვის მხარეს არავინ დაკავშირებია.

18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.

როგორც სუს–ში აცახდებენ, "აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია".

ლორთქიფანიძეს საქართველოში ორ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი – "26 მაისის" და სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები