Accentnews.ge
"ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს"

"ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს"

06/12/2019 08:46:43 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, სადღეისოდ ქვეყნის ოპოზიციური სპექტრი გაზრდილია და ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ გაერთიანებულია არა „გადადექის", არამედ ბევრად მნიშვნელოვანი მიზნის ირგვლივ, "მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება". 

„ვუყურებ, როგორი ორგანიზებულია ოპოზიცია, რამდენად გაზრდილია ჩვენი ოპოზიციური სპექტრი, რომელმაც ერთ ოთახში შეძლო ძალიან ორგანიზებულად მუშაობა კონკრეტული მიზნისთვის - სამართლიანი არჩევნებისთვის. მინდა გავახსენო საზოგადოებას, სულ ოპოზიციაში ვიყავით და სულ რაღაცას ვითხოვდით, მაგრამ როგორ ვითხოვდით ხოლმე? „გადადექი" - ეს იყო ერთი მარტივი სიტყვა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით. დღეს ოპოზიცია გაერთიანებულია ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პოლიტიკური მიზნისკენ, არა „გადადექი", არამედ მომეცი სამართლიანი თამაშის უფლება“, - განაცხადა მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხელისუფლების ქმედებას გამოუცდელობას უკავშირებს და ამ ფონზე მის უსუსურობას ხედავს: 

"ის ხალხი, ვინც დღეს ხელისუფლებაშია, პოლიტიკაში არამცთუ ყოფილა, სამწუხაროდ, პროცესებს არ აკვირდებოდნენ ტელევიზიითაც კი. მათ ტელევიზიით მაინც რომ ენახათ, რამდენჯერ ყოფილა საქართველოში ასეთი კონტრაქციები, ასეთი დაპირისპირება და რომ ეს იყო ერთმნიშვნელოვნად ნიშანი, რომ ამის მერე საზოგადოების სრული გაუცხოება ხდება ხელისუფლებასთან, ეცოდინებოდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან საშიშია, როგორც ქვეყნისთვის, ასევე მათთვის პირადად. ვხედავ ხელისუფლების სრული უსუსურობის საფრთხეს, ამ უსუსურობის ფონზე ხელისუფლების სისუსტეს, რომელიც რაღაც ექსცესებამდე მიგვიყვანს, რომელიც შეიძლება არასასიამოვნო იყოს, თუმცა სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავ".

ამასთან, მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის ინიციატივას, რომელიც სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, 2024 წელს და მას სპექტაკლი უწოდა.

„დაწყებული დეპუტატების ამბოხიდან და გაგრძელებული ჩვენი ინტელექტისთვის შეურაცხმყოფელი სპექტაკლებით, რომ სრულად მაჟორიტარულზე ხომ არ ვიმუშაოთ, ჩემი აზრით ეს დროებითია, რადგან ორგანიზებული, კვალიფიციური ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მუშაობს და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები გაიაზრებენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც დგანან. აქედან დღეს, ხვალ თუ ზეგ, მარტო ერთი გამოსავალი არსებობს, შეურაცხმყოფელ ტყუილში, რომელიც დაიდო პროპორციულზე უარის თქმით, ვერ ვიცხოვრებთ, ეს შეიცვლება, დამიჯერეთ. იმედია, რომ შეიცვლება მალე და იმედია, რომ შეიცვლება კვალიფიციურად“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S