უკრაინის საგარეო: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კვლავ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად
18/09/2023 18:11:09 პოლიტიკა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება საქართველოში გადატრიალების მომზადებაში უკრაინული მხარის სავარაუდო ჩართულობის შესახებ.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება კიდევ ერთხელ ცდილობს უკრაინის დემონიზებას შიდაპოლიტიკური საკითხების გადასაჭრელად. უკრაინის სახელმწიფო საქართველოს საშინაო საქმეებში არ ჩარეულა, არ ერევა და არც მომავალში გეგმავს“, - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო "ფეისბუქზე".
18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გარკვეული ჯგუფი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობას გეგმავს.
როგორც სუს–ში აცახდებენ, "აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია".
სამივე დასახელებულმა პირმა უარყო ბრალდება.


