მაჭარაშვილის ლოგიკით, ფარცხალაძის სანქცირება ხელისუფლების "დასჯას" ემსახურება
19/09/2023 09:50:51 პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მმართველ გუნდს "სიმართლის სათქმელად" გამოყოფილი „ხალხის ძალის“ დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აშშ-ის მიერ ფარცხალაძის დასანქცირება ხელისუფლების დასჯას ემსახურება.
რაც შეეხება "დასჯის" მიზანს, დეპუტატი იმეორებს მათ შორის, სახელისუფლებო შეთქმულების თეორიას „მეორე ფრონტის“ თაობაზე.
„საქართველოს მოქალაქის დასანქცირება, რომელიც 10 წელია, არანაირ თანამდებობას არ იკავებს, არის გლობალური საკითხის შემადგენელი ნაწილი, რასაც ჰქვია საქართველოში მეორე ფრონტის არგახსნის გამო ხელისუფლების დასჯა, რომ უკანონოდ შეცვალონ ხელისუფლება. მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ პირდაპირ თქვა, რომ ეს არის გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებაში თანამდებობის პირების, რომ მიადგებიან სხვას, რომ დაანააქცირონ. პირდაპირ თარგმნეს, ჩვენ აღარ დაგვჭირდა ამის მტკიცებულებების მოძიება. როგორც მოსამართლეები დაასანქცირეს და აღიარეს, "მართალია, მტკიცებულებები არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი განზრახვით და შეგნებით, ეს ხალხი არის კორუფციონერიო, ასევე ვფიქრობთ ფარცხალაძესთან დაკავშირებითო“, - ამგვარია დეპუტატის ლოგიკა.
ცნობისთვის: აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც, უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური („ეფესბე“) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენა მოეხდინა.


