თეონა აქუბარდია საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ოჯახის წევრების დახმარების გაზდრის საკითხს აყენებს
19/09/2023 10:30:23 პოლიტიკა
პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საბჭოთა რეპრესირებულთა ოჯახის წვერების სოციალურ დახმარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიუჯეტიდან სულ 4 მილიონი ლარის გამოყოფაა საჭირო, რათა მათი დახმარება გაიზარდოს.
მისი თქმით, მხოლოდ არჩევნებისთვის, სავარძლის შესანარჩუნებლად ხდება დაფინანსება იმ სეგმენტის, რომელიც არჩევნებისთვისაა აუცილებელი და წლებია, საბჭოთა რეპრესირებულებისთვის 7 ლარიანი დახმარება 44 ლარამდე არ გაზრდილა.
„ალბათ, წარმოუდგენელია, მაგრამ როდესაც პრემიერი, ქალაქის მერი ჩარტერული რეისით პირადი ინტერესებისთვის იყენებს სახელმწიფოს ბორტს, საბჭოთა რეპრესირებულებისთვის სოციალური დახმარება 7 ლარია. წარმოიდგინეთ, 7 ლარი, რომელიც 2006 წლიდან არ შეცვლილა და მოცემულობაში გაუარესდა, რადგან ამ მოქალაქეებზე არც სოციალური და არც ტრანსპორტის კუთხით შეღავათები არ მოქმედებს. იცით, რა მძიმე რეპრესიები გამოიარეს. გუშინ დამიკავშირდა ქალბატონი, რომელიც 88 წლისაა. ის უყურებს პარლამენტის სხდომებს და ელოდება, იქნება თუ არა მისთვის 7 ლარიდან 44 ლარამდე გაზრდილი დახმარება, რომელიც მას, როგორც რეპრესირებულების ოჯახის წევრს, ეკუთვნის. ვხედავთ, რომ მხოლოდ არჩევნებისთვის, სავარძლის შესანარჩუნებლად ხდება დაფინანსება სეგმენტის, რომელიც არჩევნებისთვისაა აუცილებელი. ამ მოცემულობაში წლებია, 7 ლარიანი დახმარება 44 ლარამდე არ გაზრდილა. საუბარია 4 მილიონზე. სულ 4 მილიონია საჭირო, რომ 9 ათასამდე მოქალაქეს 44 ლარამდე გაეზარდოს დახმარება. ეს იქნება ამ ადამიანებისთვის გარკვეული დაფასება სახელმწიფოს მხრიდან.
სანამ ბიუჯეტის პროექტი შემოვა პარლამენტში განსახილველად, ვაყენებ საკითხს, რომ საბჭოთა რეპრესირებულების ოჯახის წევრებს დახმარება 7-დან 44 ლარამდე გაეზარდოთ“,- განაცხადა აქუბარდიამ.


