ელისაშვილი: სუს-ს თავად უნდა გამოევლინა აგენტი ან უნდა "მოეკეტინებინა" ამერიკელებისთვის
19/09/2023 10:38:11 პოლიტიკა
„მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკრიტიკა.
საქმე აშშ–ის მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი ფარცხალაძეს ეხება.
მისი თქმით, სწორედ სუს–ი უნდა იდგეს სახელმწიფოს სადარაჯოზე და ან უნდა გაებათილებინა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ან თავად მიეღო ზომები ფარცხალაძის წინააღმდეგ.
„ამერიკელებმა გვითხრეს ფარცხალაძეზე, რომ ეგ კაცი არის ვიგინდარა, საქართველოს მოღალატეო. სხვა ქვეყნის ჯაშუშობა, ნებისმიერი ქვეყნის ჯაშუშობა და აგენტობა ნიშნავს საკუთარი ქვეყნის მოღალატეობას, მითუმეტეს, ოკუპანტი ქვეყნის ჯაშუშობა და მისი სპეცსამსახურის. მგონი იცით, რომ რუსეთი ოკუპანტი და მტერია და მისი სპეცსამსახურის აგენტობა არის სამშობლოს მოღალატეობა. ამ დროს გამოდის სუს-ი და აკეთებს უაღრესად სამარცხვინო განცხადებას, რომ მტკიცებულებები მოგვეცითო. ერთი პატრიოტი კაცი მაინც როგორ არ მუშაობს ან კონტრდაზვერვაში ან სუს-ში, რომ ეთქვა, ასეთ რამეს მაინც ნუ იძახითო. სუს-ი არის სამსახური, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს ვინ არის ჯაშუში და ვინ არა. სუს-ი უნდა გამოსულიყო და ეთქვა ან უნდა მოეკეტინებინა ამერიკელებისთვის - ვის აბრალებთ, ამ ფრთიან ანგელოზს და მამა აბრამის ბატკანს როგორ აბრალებთ ასეთ რამესო?! ან მანამდე უნდა დაეჭირა და თვითონ გამოევლინა ეს. ჩვენ რომ დაგვდევდეს და გვიღებდეს ვინ სად დადის, ამისთვის კი არ არსებობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სადარაჯოზე უნდა იყოს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


