კობახიძე: როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს ფარცხალაძის მოქალაქეობის შესწავლა
19/09/2023 11:08:58 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საქართველოს აშშ–ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს.
„საქართველოს მოქალაქეობაც აქვს და შეიძლება სხვაც აქვს. დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე, მე არ ვიცი, (აქვს თუ არა რუსეთის მოქალაქეობა), მაგრამ ვიცი, რომ არის საქართველოს მოქალაქე. ყველაფერი შეიძლება იქნას შესწავლილი. მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის შესწავლა. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე. ეს არის უმარტივესი სამართლებრივი თემა. [...]
თუ პირი ხდება სხვა ქვეყნის მოქალაქე ისე, რომ საქმის კურსში არ აყენებს ქართულ უწყებებს, ამ შემთხვევაში საკითხის შესწავლა იწყება და შეიძლება დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში მოქალაქეობის დაკარგვის საკითხი. მე როგორც ვიცი, ამ საქმის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციას, ეს არის უწყებების საქმე, დაელოდეთ და ნახავთ,“ - განაცხადა კობახიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტთან ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობაზე არანაირი დოკუმენტი არ გაგზავნილა.
არსებული ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო. კანონის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის საფუძველი ხდება. კანონის ამ ნორმამ იმუშავა მრავალი პირის, მათ შორის, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში.


