19-09-2023 16:18:12 მსოფლიო
მოსკოვის მტკიცებით, ბაქომ რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში სამხედრო ოპერაციის მზადების შესახებ მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე გააფრთხილა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სამშვიდობოებისადმი დახმარების თხოვნით ოფიციალური ერევნის მიმართვის საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, მან სომხეთი ფაქტობრივად, ანტირუსულ ნაბიჯებში დაადანაშაულა და ერევანს "ნაკისრი ვალდებულებების შესრულების" საპასუხო მოთხოვნა წაუყენა.
"მოსკოვი შეშფოთებულია სიტუაციით და თვლის, რომ მშიდობის დასამყარებლად სომხეთმა ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ერევნის უკანასკნელი ნაბიჯები ქმნის ნოყიერ ნიადაგს რუსეთის მიმართ დასავლეთის მტრული პოლიტიკის რეალიზებისთვის. ასე, მაგალითად, სექტემბერში სომხეთმა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო და ამასთანავე, წამოიწყო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების პროცესი, რაც ნიშნავს ავტომატურ მიერთებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ვალდებულებასთან. რაც შეეხება რუსეთისა და ჩვენი სამშვიდობო კონტინგენტის ვალდებულებებს, რუსი სამშვიდობოები სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლების კონტაქტებში მონაწილეობენ. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აზერბაიჯანულმა მხარემ "წინასწარ" გააფრთხილა რუსი მშვიდობისმყოფელები ყარაბარში დღეს დაწყებული "ანტიტერორისტული ოპერაციის" შესახებ. მაგრამ რეალურად, ჩვენს სამშვიდობოებს ინფორმაცია საომარი ოპერაციის დაწყებამდე მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე მიეწოდათ", – დაწერა ზახაროვამ თავის ტელეგრამ-არხში.
ცნობისთვის: სტეპანაკერტში (აზერბაიჯანული სახელწოდება - ჰანკენდი) საჰაერო განგაშია გამოცხადებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რუბენ ვარდანიანმა "მასირებული საარტილერიო ცეცხლის გახსნის" შესახებ განაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ყარაბაღში "ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების დაწყების" შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ "მშვიდობა მხოლოდ ერთ - ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების სრულად გასვლისა და ყარაბაღის მარიონეტული მთავრობის დაშლის შემთხვევაშია შესაძლებელი". მისივე ინფორმაციით, "წინა ხაზზე და სიღრმეში მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენებით ანტიტერორისტული ღონისძიებების ფარგლებში მწყობრიდან გამოჰყავთ სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი ხანგრძლივი საცეცხლე წერტილები, საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები". ამასთან, ბაქოს მტკიცებით, "სამოქალაქო მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები სამიზნეს არ წარმოადგენს - ნადგურდება მხოლოდ ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები". აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, "ოპერაციის შესახებ წინასწარ ეცნობა კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელობასა და თურქულ-რუსულ მონიტორინგის ცენტრს".
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე არაერთგზის დაადანაშაულა მოსკოვი და რუსეთის თაოსნობით მოქმედი "კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია" ერევნის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში, უმოქმედობასა და არაეფექტურობაში აზერბაიჯანისგან ქვეყნის დასაცავად. ამასწინათ სომხეთმა ამ ორგანიზაციიდან თავისი მუდმივი წარმომადგენელიც კი გაიწვია.
დღეს ყარაბაღში აზერბაიჯანული საომარი ოპერაციის დაწყებიდან მალევე ოფიციალურმა ერევანმა მოუწოდა არაღიარებულ რეგიონში განთავსეულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს, "მიეღო ზომები აზერბაიჯანის საბრძოლო მოქმედებების აღსაკვეთად". "საჭიროა სამშვიდობოებისა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მკაფიო და ერთმნიშვნელოვანი ნაბიჯები" - ნათქვამი იყო სომხეთის საგარეო უწყების მიმართვაში, რომლის მტკიცებით, ნაკისრი ვალდებულებების მიუხედავად, მოსკოვს, რომელსაც ბაქომ სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ წინასწარ აცნობა, ერევნის ინფორმირება არ მოუხდენია. ამასთან, ერევანი ირწმუნება, რომ ყარაბაღში ჯარი არ ჰყავს.
როგორც ჩანს, რუსეთი სომხეთს ამჯერადაც ღალატობს. თუ ზახაროვას პასუხით ვიმსჯელებთ, სომხური მხარის მიმართვა კვლავ უპასუხოდ დარჩება.