
შარლ მიშელი: აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს!
19/09/2023 12:34:07 კავკასია
შემაძრწუნებელი ამბები მოდის ყოფილი მთიანი ყარაბაღის ოლქიდან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საჭიროა აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის დაწყება.
"აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რათა შესაძლებელი გახდეს ჭეშმარიტი დიალოგი ბაქოსა და ყარაბაღელ სომხებს შორის“, - აცხადებს მიშელი.
აზერბაიჯანმა სამშაბათს დაიწყო მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დაბომბვა და მოითხოვა რეგიონიდან სომეხი სამხედროების გაყვანა.
ერევანი მოუწოდებს მთიან ყარაბაღში დისლოცირებულ რუსულ სამშვიდობო კონტინგენტს, "მიიღოს ზომები აზერბაიჯანის მხრიდან საომარი მოქმედებების შესაჩერებლად".
სამშვიდობო ძალების და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ საჭიროა „მკაფიო და ცალსახა ნაბიჯები“, – ნათქვამია სომხეთის საგარეო უწყების 19 სექტემბრის განცხადებაში.
რუსი სამშვიდობოები მონაწილეობენ სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს შორის კონტაქტებში - ამტკიცებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმი წარმომადგენელი მარია ზახაროვა.
აზერბაიჯანის ცნობით, ბაქომ მოსკოვი გააფრთხილა სამხედრო ოპერაციის შესახებ. ერევანი აცხადებს, რომ მოსკოვს მისთვის არაფერი უცნობებია მიუხედავად იმისა, რომ სტრატეგიული პარტნიორია. ზახაროვას მტკიცებით, ეს იმიტომ მოხდა, რომ რუსეთმა საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღო ინფორმაცია. ამასთან, მოსკოვი „შეშფოთებულია“ შექმნილი სიტუაციით, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ მშვიდობის დამყარებისთვის სომხეთმა ვალდებულებები უნდა შეასრულოს.