"ფაშინიანის პოლიტიკის ბრალია!": ერევანში სტიქიური მიტინგები დაიწყო

19-09-2023 17:22:14 კავკასია

ყარაბაღში აზერბაიჯანის საბრძოლო ოპერაციის ფონზე ერევანში სტიქიური მიტინგები დაიწყო. აქციების მონაწილეები აზერბაიჯანისგან - ცეცხლის დაუყოვლებლივ შეწყვეტას, სომხეთის ხელისუფლებისგან კი "აგრესიაზე საპასუხო ზომების მიღებას" მოითხოვენ.

ერთ-ერთი აქცია ერევნის ცენტრში მიმდინარეობს. მისი მონაწილეები პრემიერ ფაშინიანს უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ "მისმა პოლიტიკამ გამოიწვია მიმდინარე პრობლემა ყარაბაღში".

დედაქალაქის ქუჩებში ისმის ლოზუნგები "ნიკოლი - მოღალატე!" და "არცახი!" (ყარაბაღი). ცენტრალური პროსპექტი მომიტინგეების მიერაა გადაკეტილი.

თავად ფაშინიანმა პირდაპირ სატელევიზიო ეთერში აზერბაიჯანული ძალების მიერ ყარაბაღისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნა დაადასტურა, ასევე აცნობა მოსახლეობას ბაქოს მცდელობა, შეხების ხაზი გაარღვიოს და რეგიონში როგორც საკონტროლო, ისე დასახლებული პუნქტები დაიკავოს.

ამასთან, მან აზერბაიჯანის მოქმედებას "ყარაბაღში სომხების ეთნიკური წმენდა" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "სომხეთს ყარაბაღში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები