პროკურატურა: სუს–მა ოთარ ფარცხალაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო

19-09-2023 17:21:24 სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხის შესწავლა მოკვლევის ეტაპიდან გამოძიების ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი.

ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობდა.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების და ამ საკითხთან საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის ირგვლივ მიმდინარე სამართლებრივ რეაგირებას, ოთარ ფარცხალაძის საქმეზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მათ მიერ მოპოვებულ, მათ შორის უცხოეთის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებიდან გამოთხოვილ მტკიცებულებებს, მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და მასზე მოხდება ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირება, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით ინფორმაცია მიეწოდება საზოგადოებას.

დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, მომავალშიც ჩვენ შევეცდებით საზოგადოების პროაქტიული ინფორმირებით, დეზინფორმაციის მავნებლური შედეგების მინიმუმამდე შემცირებას. საქართველოს პროკურატურა პასუხს გასცემს ყველა ამ ტიპის ყალბ ბრალდებას და დეზინფორმაციას, რათა საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური სიმართლე“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები