19-09-2023 17:59:20 მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური აზერბაიჯანს ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადების მიხედვით, ევროკავშირი გმობს სამხედრო ესკალაციას.
„ეს სამხედრო ესკალაცია არ უნდა იქნეს გამოყენებული ადგილობრივი მოსახლეობის გასახლების საბაბად. ძალადობა უნდა შეწყდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მშვიდობისა და ნორმალიზაციის შესახებ მოლაპარაკებებისთვის. ევროკავშირი რჩება სრულად ჩართული დიალოგის ხელშეწყობისთვის“, – აღნიშნულია ჯოზეფ ბორელის განცხადებაში.
ცნობისთვის: აზერბაიჯანულმა ძალებმა დღეს ყარაბაღში "საკონსტიტუციო წესრიგის აღსადგენად" საბრძოლო ოპერაცია წამოიწყეს. ბაქო არაღიარებული რეგიონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანას და დე ფაქტო მთავრობის დაშლას მოითხოვს.
თავის მხრივ, ერევანი ბაქოს ყარაბაღის სომხური მოსახლეობის გენოციდში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ რეგიონში შეიარაღებული ძალები არ ჰყავს.