პრეზიდენტი: ველოდები იუსტიციის სამინისტროს დასკვნას ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, რომელსაც დაუყოვნებლივ დავაკმაყოფილებ

19-09-2023 20:44:27 პოლიტიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს.

"პრეზიდენტი იუსტიციის სამინისტროდან ელოდება ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებს", – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა გუშინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არანაირი ინფორმაცია და მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ მოთხოვნა არ შესულა.

ცნობისთვის: 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა.

საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში მოხსენიებულია, როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი. ამავე ტერმინის იყენებს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასახელებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომლებიც „ეფ-ეს-ბე"-მ გამოიყენა, რათა ზემოქმედება მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები