დუდა: მინდა, გავიხსენო კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში ნათქვამი სიტყვები: "რუსეთი ფიქრობს, დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, ეს არ მოხდება"

19-09-2023 21:01:20 პოლიტიკა

"მინდა, გავიხსენო კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში ნათქვამი სიტყვები: რუსეთი ფიქრობს, რომ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდებაო, ეს არ მოხდება", გავიმეორებ, დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება", – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან მოუწოდა „მამაც ლიდერებს, წინააღმდეგობა გაუწიონ პუტინის რუსეთის იმპერიულ პოლიტიკას".

"უკრაინაში ომის წამოწყებისას ვლადიმირ პუტინს სურდა რუსეთის იმპერიის აღდგენა, რათა დაეყო ევროპა და მსოფლიო სისტემატურად დამოკიდებული ჰყოლოდა თავის ნედლეულზე. მტკიცედ მჯერა, რომ იგი წარმატებას ვერ მიაღწევს. დღეს მსოფლიოს სჭირდება მამაცი და შორსმჭვრეტელი ლიდერები. ისეთი, როგორიც პოლონეთის გარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო, რომელთანაც თანამშრომლობის პატივი მე მქონდა. ლიდერი, რომელიც ათობით წლის წინ ცდილობდა, გაეფრთხილებინა პოლიტიკოსები ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური პოლიტიკის შესახებ. მინდა, გავიხსენო თბილისში პირველად მის მიერ ნათქვამი სიტყვები, საქართველოში 2008 წლის რუსული აგრესიის დროს: „პირველად დიდი ხნის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა სახე, რომელსაც უკვე ასობით წელია, ვიცნობთ. მათ მიაჩნიათ, რომ მათ გარშემო მცხოვრები ერები უნდა დაექვემდებარონ მათ. ჩვენ ვამბობთ არას. რუსეთი ფიქრობს, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინათ დანგრეული იმპერიის დღეები ბრუნდება, რომ დომინირება კვლავ გახდება ჩვენი რეგიონისთვის დამახასიათებელი თვისება. ეს არ მოხდება. ეს დღეები სამუდამოდ დასრულებულია“. დიახ, დღეს, ამ ადგილას, გაერო-ს შტაბბინაში, მინდა, გავიმეორო, დიახ, ის დღეები არასდროს დაბრუნდება“, – განაცხადა დუდამ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები