
ოპოზიცია მოქმედების ახალ გეგმაზე გადასვლას აანონსებს
06/12/2019 11:14:17 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა
ოპოზიცია მოქმედების ახალ გეგმაზე გადასვლას აანონსებს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მიმდინარე აქციაზე განაცხადა, თუ ხელისუფლება გაფრთხილებებსა და მოწოდებებს არ შეისმენს, დაიწყება საერთო ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგობა.
"ეს ნინავს გაცილებით ფართო გეგმას წინააღმდეგობის",– აღნიშნა მან.
ჟურნალისტები დეტალებით დაინტერესდნენ, თუმცა ვაშაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე არ ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ პროტესტი ქვეყანაში 14 ნოემბრის შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის დეპუტატების მიზეზით პარლამენტში ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. სწორედ ეს იყო ბიძინა ივანიშვილის დაპირება, რომელიც მან საზოგადოებას 20–21 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა და სწორედ ეს დაპირება შეაფასა ამჟამინდელმა პრემიერმა "გავრილოვის ღამის" პოლიტიკურ საფასურად, რომელიც მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაიხადა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპოზიციამ ხელისუფლებას "გერმანული მოდელის" ქართული ვარიანტი შესთავაზა გამოსავლად, თუმცა ხელისუფლება ამ დრომდე არ სთანხმდება. შედგა ერთი უშედეგო მოლაპარაკება და ამის შემდეგ ქუჩის აქციებს ახალი კომპონენტი დაემატა – კონტრაქციები, რომლებზეც "ქართული ოცნების" აქტივისტები და საჯარო მოხელეები აქტიურობენ. კონტრაქციებმა ძალადობრივი სახე მიიღო. ოპოზიციის წარმომადგენლები სამართალდამცველებს უმოქმედობასა და შერჩევით სამართალში ადანაშაულებენ.
უკვე დღეს ოპოიციამ პროტესტის გეოგრაფია გაზარდა და თბილისის შემდეგ მასშტაბური აქცია გამართა ქუთაისში. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აქციები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გადაინაცვლებს. მოთხოვნა კი უცვლელია – პროპორციული არჩევნები.